ანტონ ობოლაშვილი: არის ამბულატორიები, სადაც სველი წერტილები არ არის, მათ შორის ასპინძაში, ადიგენში, ახალციხეში, ბორჯომში

449

ანტონ ობოლაშვილმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ახალციხის, ადიგენის, ასპინძის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში არსებული სოფლების ამბულატორიების და აქ დასაქმებულთა რთულ სამუშაო პირობებზე ისაუბრა. მაჟორიტარმა დეპუტატმა პრობლემის მოსაგვარებლად 2022 წლის ბიუჯეტში შესაბამისი თანხების განსაზღვრის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

„გვაქვს საშინელი მდგომარეობა. არის ამბულატორიები, სადაც სველი წერტილები არ არის, მათ შორის ასპინძაში, ადიგენში, ახალციხეში, ბორჯომში. ბევრ სოფელში, ამბულატორიის ფიცრული შენობა დგას, სადაც არც წყალია და არც სველი წერტილი. მინდა კითხვით მოგმართოთ, გათვალისწინებულია თუ არა ამბულატორიების მშენებლობა და მთლიანობაში რა თანხას მოიცავს ეს“, – მიმართა მან კითხვით ფინანსთა მინისტრის მოადგილეს.

კომიტეტის სხდომაზე, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტის გაცნობის სხდომას, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე უძღვებოდა.

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირვანდელ პროექტში, ჯანდაცვის სამინისტროს ჯამური ბიუჯეტი 5 მლრდ 941 მლნ ლარითაა განსაზღვრული.

ანტონ ობოლაშვილს განცხადებით, საჭიროა ამბულატორიების ექიმების ხელფასები სხვა დაწესებულებებში მომუშავე მედიკოსების ხელფასებს გაუთანაბრდეს.

„ექიმების ხელფასების განსხვავებაა. ეს არ შეიძლება, რადგან რეგიონებში, სოფლად, ექიმებს ბევრად უფრო მკაცრ პირობებში უწევთ მუშაობა. მაგალითად, დიდთოვლიანობის გამო დიდ მანძილს ფეხითაც გადიან და აუცილებელია, რომ მათი გათანაბრება მოხდეს. მაინტერესებს, ასახული არის თუ არა ეს ბიუჯეტში და თუ ასახულია – რა თანხას შეადგენს“, – იკითხა მან.

2022 წლის ბიუჯეტის პირვანდელ ვერსიაზე მსჯელობისას, საბიუჯეტო სახსრების განკარგვასთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრების მხრიდან ყურადღება რამდენიმე მიმართულებაზე გამახვილდა. მათ შორის, სოფლის ექიმების სახელფასო ანაზღაურების, პირველი ჯგუფის, შშმ ბავშვების, ვეტერანების საპენსიო მატების, სასწრაფოს ბრიგადების არათანაბარი ანაზღაურების, ბავშვებში გლუკოზის უწყვეტი სისტემის დანერგვის და სხვა მიმართულებებით.

„ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ თქვენთან და სამინისტროებთან ერთად გავაგრძელოთ კონსულტაცია ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის ფორმირებაზე. ერთადერთი, რაც ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, არის დეფიციტის მაჩვენებლის მინიმუმ შენარჩუნება და შესაძლებლობის შემთხვევაში – შემცირება”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ბიუჯეტის პარამეტრები დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის მომზადებისას გადაიხედება. 2022 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის საკომიტეტო განხილვების შემდეგ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა 18 ოქტომბერს გაიმართება.

ასევე ნახეთ, “სამხრეთის კარიბჭეს” მასალა არქივიდან: ასპინძის უექიმო და უამბულატორიო სოფლები