ახალციხე ნიუსმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ მისდევს გადატენილი იარაღით ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი მოქალაქეს. მასთან ერთად არიან სხვა შეიარაღებული პირებიც.
https://www.facebook.com/akhalkalakinews/videos/1720066588133618/?eid=ARDFKoEB0zoIDjzgVIVelXnwsbdiuSpy-LaG3nQPHkIlt1uxlqyHEVDPd94r45OvWnmgpeKYZ2L5xl1C
ვიდეოს დასაწყისში ჩანს, რომ მკოიანი იარაღს ტენის და ვიღაცას უმიზნებს, თუმცა, კადრში არ არის აღქმადი ვის. პოლიცია ცდილობს, შეიარაღებული დეპუტატი და მისი თანხმლები პირები მიწოლით შეაჩეროს, თუმცა მკოიანს ვერ იმორჩილებს. დეპუტატი პოლიციას ყელში წვდება და ასე იშორებს, პოლიციელი მას იარაღს არ ართმევს და გვერდით იწევა.
ჩანაწერის წარწერის მიხედვით, ეს კადრები 2020 წლის 26 მარტს არის გადაღებული, როცა მკოიანის სახლთან სროლა იყო. ადგილობრივი გამოცემები წერდნენ, რომ მაშინ იარაღიდან 4-5-ჯერ გაისროლეს და ამას მკოიანსა და “პატრიოტთა ალიანსის” წევრის სამველ პეტროსიანს შორის დაპირისპირებას უკავშირებდნენ, თუმცა, დაზუსტებით უცნობი იყო რა გახდა სროლის მიზეზი.
ცნობისთვის, ინციდენტი 26 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარი “გოლდის” მიმდებარედ მოხდა. შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 29 მარტს “პატრიოტთა ალიანსის” წევრი სამველ პეტროსიანი და ენზელ მკოიანის ძმისშვილი არმენ მკოიანი დააკავა. ორივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის განცხადებით, ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების დროს, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი სამველ პეტროსიანი მის მოკვლას ცდილობდა, ამიტომ მან თავდაცვის მიზნით ჰაერში გაისროლა.
დეპუტატმა მკოიანმა ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერიც გამოაქვეყნა, რომელიც სათვალთვალო კამერებითაა გადაღებული.
მკოიანის განცხადებით, დაპირისპირება თავდაპირველად მის ძმიშვილსა და პეტროსიანის შვილს შორის დაიწყო, ინციდენტის დაწყებას კი თავად არ დასწრებია, თუმცა მოგვიანებით ადგილზე მისულმა “მისი განმუხტვა შეძლო”.
“ნაციონალური მოძრაობა” “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის, წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებასა და მის დაკავებას მოითხოვს.