ქუთაისში თანამდებობა ამჯერად მერის მოადგილემ დატოვა – რა ხდება ქუთაისის თვითმმართველობაში

1434

ავტორი: მაგდა პოპიაშვილი

ქუთაისის მერის მოადგილემ, ნინო თვალთვაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.

“მოგესალმებით მეგობრებო, ხვალიდან ვტოვებ მერის მოადგილის თანამდებობას.ვიტყვი,რომ დიდი პატივი იყო ჩემთვის ჩემი ქალაქის სამსახურში ყოფნა. მხოლოდ მცირედით შევძელი ქუთაისისთვის ჩემი წილი ვალის დაბრუნება. ამიტომ, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ქუთაისის სამსახურში ვიქნები.ამ 2 წლისა და 7 თვის მანძილზე, იყო რთული დღეებიც და იყო ძალიან დიდი სიხარულიც, იყო წარმატებაც და წარუმატებლობაც. უბრალოდ, ძალიან დიდი მადლობა ყველას, იმ სითბოსა და სიყვარულისთვის,რასაც ყოველთვის ვგრძნობდი და რაც ამ ერთი კვირის განმავლობაში კიდევ უფრო მძაფრად მაგრძნობინეთ. ეს საჩუქარი კი, განსაკუთრებული საჩუქარი, ყოველთვის ჩემთან იქნება, როგორც სიმბოლო იმისა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მომავალზე და გეგმებზე კი ხვალ”, – წერს სოციალურ ქსელში თვალთვაძე, თუმცა, არ აკონკრეტებს, რა გახდა მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზი.

მოგესალმებით მეგობრებო,ხვალიდან ვტოვებ მერის მოადგილის თანამდებობას.ვიტყვი,რომ დიდი პატივი იყო ჩემთვის ჩემი ქალაქის…

Posted by Nino Tvaltvadze on სამშაბათი, 14 ივლისი, 2020

ნინო თვალთვაძის სავარაუდო გადადგომის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ითქვა, რომ ის შვებულებაში გავიდა და უცნობი იყო, დაბრუნდებოდა თუ არა ის კვლავ მერიაში.

თვალთვაძე ქუთაისის თვითმმართველობის ორგანოში ერთადერთი მაღალჩინოსანი არ არის, ვინც თანამდებობა დატოვა. მიმდინარე წლის 8 აპრილს გადადგა ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, მანამდე, 2019 წლის ბოლოს, თანამდებობიდან, ასევე, წავიდა საკრებულოს თავმჯდომარე ნიკა ლატარია, რომელიც საკრებულოში რიგით დეპუტატად დარჩა, თუმცა, 4 დღის წინ მან საკრებულოს წევრობაზეც უარი თქვა. ცხადია, არც ლატარიას და არც ჭიღვარიას ამომრჩევლის წინაშე საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ არ უსაუბრიათ. ერთადერთი, რაც საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ თქვა, იყო შემდეგი: “წავედი პოლიტიკიდან და გადავინაცვლე ჩემს საყვარელ სფეროში – ბიზნესში”. ჭიღვარიას კი ამდენიც არ უთქვამს, სამაგიეროდ, მის ნაცვლად მისმა პარტიულმა ვერტიკალმა ილაპარაკა. მაგალითად, თბილისის მერმა და “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, რომელიც, ამავდროულად, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტია და თვითმმართველობის ინტერესებს უნდა იცავდეს, თქვა: “ყველა ცვლილება უკავშირდება იმას, რომ სიტუაცია გაჯანსაღდეს”, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კი ჭიღვარიას სურვილების გახმოვანება ითავა, როცა განაცხადა: “გიორგი ჭიღვარიას სურვილი ჰქონდა, რომ აკადემიურ საქმიანობაში დაბრუნებულიყო”, – განაცხადა მან.

ჭიღვარიას გადადგომაზე ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გიგა შუშანია ამბობდა, რომ მას არ უნდოდა განცხადების დაწერა და აიძულეს, მიეღო ეს გადაწყვეტილება.

“შეუსრულებელი პროექტებისა და ცნობილი სკანდალების გამო “ქართული ოცნება” დიდი ხანია გეგმავდა მის გაშვებას, მაგრამ ეს რომ არ დაბრალებოდა ოპოზიცის და ჩვენი ფრაქციის აქტიურობას, ამიტომ შეარჩიეს ის დრო, როდესაც ხალხის ყურადღება კორონავირუსის თემაზეა გადართული და ახლა ფიქრობენ, ამ ტვირთისგან ჩუმად და წყნარად გათავისუფლდებიან. ეს რა თქმა უნდა, უკავშირდება, ასევე შიდა დაპირისპირებას “ქართულ ოცნებაში, ამის გამოძახილია ქვეყანაში სხვა მუნიციპალიტეტების მერების გაშვება. ჩვენი ინფორმაციით, გუშინ ქუთაისის მერიაში შეხვედრა შედგა, სადაც იყო ამ თემის განხილვა,  ჭიღვარიას არ უნდოდა განცხადების დაწერა და ის აიძულეს, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო. საკმაოდ ხმაურიანი და კონფლიქტამდე მისული გარჩევები იყო გუშინ ქუთაისის მერიაში. აქედან გამომდინარე, ეს უკავშირდება კლანებს შორის დაპირისპირებას. ილუზია იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც  ქუთაისს ჯერ პარლამენტი წაართვა და მერე მნიშვნელოვანი უწყებები, ამის ფონზე  ქალაქისათვის სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებს, არ გვაქვს, უბრალოდ,  ერთი ჯგუფის კანდიდატს ჩაანაცვლებს მეორე ჯგუფის კანდიდატით”, – განაცხადა მაშინ შუშანიამ.

საგულისხმოა, რომ ჭიღვარიას წასვლის შემდეგ მალევე, 2020 წლის მაისში, თანამდებობები დატოვეს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, ლევან კინწურაშვილმა და ქუთაისის მერიის აუდიტის სამსახურის უფროსმა, ზვიად ჯავახიამ. ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ მერიის სამსახურის უფროსების მიერ თანამდებობის დატოვება პოლიტიკურ ნადირობად შეაფასა და განაცხადა: “ნაცვლად იმისა, რომ იფიქრონ როგორ დაეხმარონ შიმშილის ზღვარზე მყოფ ადამიანებს, დაკავებული არიან ჭიღვარიას კადრებზე ნადირობით. ახლა ამის დრო ნამდვილად არ არის”.

ქუთაისის თვითმმართველობაში ყველაფერი კარგად რომ არ არის, უფრო სწორად კი, ყველაფერი რომ ძალიან ცუდადაა, ამას გადადგომების დაუსრულებელი ეპოპეაც ადასტურებს. სამწუხაროა, რომ მიზეზებზე, რეალურად რა ხდება და რატომ გადაწყვიტეს ერთმანეთის მიყოლებით საკრებულოს თავმჯდომარემ, არჩეულმა მერმა, მისმა მოადგილემ და სამსახურის უფროსებმა თანამდებობებიდან წასვლა, ამაზე არცერთი მათგანი არ საუბრობს. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ ერთზე მიანიშნებს: არაჯანსაღ სიტუაციაზე როგორც თვითმმართველობაში, ისე პარტიულ ვერტიკალში და, რაც მთავარია, ამომრჩევლებისადმი სრულ უპასუხისმგებლობაზე, არადა, ამ ადამიანებს და მათ პოლიტიკურ გუნდს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ნდობა სწორედ ამომრჩეველმა გამოუცხადა.