ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

995

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ლატარია Facebook-ზე წერს. მისი თქმით, გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს არ უკავშირდება.

„ვტოვებ თანამდებობას. ეს გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება მიმდინარე მოვლენებს და გთხოვთ არ დაუკავშიროთ იმას, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და ქალაქში. გუნდში რამდენიმე თვის წინ გავაჟღერე წასვლის შესახებ, მაგრამ მთხოვეს წლის ბოლომდე დავრჩენილიყავი თანამდებობაზე. თხოვნა შევასრულე. ღმერთმა იცის, გულით და სულით ვემსახურე ჩემს ქალაქს და რაც შემეძლო გავაკეთე“, – წერს ლატარია.

ნიკოლოზ ლატარია “ქართული ოცნების” კოალიციაში შემავალი “კონსერვატიული პარტიის” პოლიტსაბჭოს წევრია. 2014 წლიდან 2017 წლამდე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, 2017 წლიდან კი – თავმჯდომარე.

კონსერვატიული პარტიის სამმა დეპუტატმა, მათ შორის ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა, ქართული ოცნების უმრავლესობა ნოემბერში პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების გამო დატოვა.