გიორგი ჭიღვარიას არ უნდოდა განცხადების დაწერა და აიძულეს, მიეღო ეს გადაწყვეტილება – აცხადებს ქუთაისის საკრებულოს ფრაქციის “ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარე გიგა შუშანია. მისი განცხადებით, მისი ჩამოშორება “ქართულ ოცნებას” დიდი ხნის გადაწყვეტილი ქონდა და შესაფერის მომენტს ელოდა. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
“შეუსრულებელი პროექტებისა და ცნობილი სკანდალების გამო “ქართული ოცნება” დიდი ხანია გეგმავდა მის გაშვებას, მაგრამ ეს რომ არ დაბრალებოდა ოპოზიცის და ჩვენი ფრაქციის აქტიურობას, ამიტომ შეარჩიეს ის დრო, როდესაც ხალხის ყურადღება კორონავირუსის თემაზეა გადართული და ახლა ფიქრობენ, ამ ტვირთისგან ჩუმად და წყნარად გათავისუფლდებიან. ეს რა თქმა უნდა, უკავშირდება, ასევე შიდა დაპირისპირებას “ქართულ ოცნებაში, ამის გამოძახილია ქვეყანაში სხვა მუნიციპალიტეტების მერების გაშვება. ჩვენი ინფორმაციით, გუშინ ქუთაისის მერიაში შეხვედრა შედგა, სადაც იყო ამ თემის განხილვა, ჭიღვარიას არ უნდოდა განცხადების დაწერა და ის აიძულეს, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო. საკმაოდ ხმაურიანი და კონფლიქტამდე მისული გარჩევები იყო გუშინ ქუთაისის მერიაში. აქედან გამომდინარე, ეს უკავშირდება კლანებს შორის დაპირისპირებას. ილუზია იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქუთაისს ჯერ პარლამენტი წაართვა და მერე მნიშვნელოვანი უწყებები, ამის ფონზე ქალაქისათვის სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებს, არ გვაქვს, უბრალოდ, ერთი ჯგუფის კანდიდატს ჩაანაცვლებს მეორე ჯგუფის კანდიდატით”, – განაცხადა გიგა შუშანიამ.
მისი განცხადებით, მერების გადადგომა მომავალი არჩევნების თემას უკავშირდება.
შეგახსენებთ, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა.