დღეს, 27 აპრილს ბორჯომის და ახალციხის ბაზრები არ გაიხსნება. სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ორივე სავაჭრო ობიექტი დახურულ სივრცეშია, ახალი რეგულაცია კი მხოლოდ ღია ტიპის აგრარულ ბაზრებს ეხება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„ამ ეტაპზე იხსნება მხოლოდ ღია ტიპის ბაზრები. რაც შეეხება ბორჯომს და ახალციხეს ორივე არის დახურული სივრცის ბაზარი, ამიტომ ვერ გაიხსნება“,– განაცხადა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელმა, გიორგი მიქელაძემ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე რეგიონში არსებული ბაზრები, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მითითებული სტანდარტების დაკმაყოფილებაზე მუშაობენ.
„როდესაც ბაზრების გახსნის ახალ ეტაპზე გადავალთ, იმედია დაკმაყოფილებული იქნება ყველა სტანდარტი და ფუნქციონირებას შეძლებენ“, – განმარტა მიქელაძემ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა იწყება. 27 აპრილიდან ღია ტიპის აგრარული ბაზრები გაიხსნა, დაშვებულია ონლაინ ვაჭრობა და მსუბუქი მანქანებით გადაადგილება.
ახალციხის ბაზარი 12 აპრილს დაიკეტა, ბორჯომში კი – რვა აპრილს.
16 აპრილს სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ახალციხის და ბორჯომის ბაზრები არ გაიხსნება.
24 აპრილს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა. ამავე გეგმის მიხედვით, ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნა დღეიდან, 27 აპრილიდან იწყება და ეტაპობრივად, 2-კვირიანი შუალედებით გაგრძელდება. 27 აპრილიდან აღდგება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება; ტაქსების ოპერირება; ონლაინვაჭრობა სრულად; მიტანის სერვისი ნებისმიერ პროოდუქტზე; ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 496 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.