ახალციხის ბაზრის დირექტორი, ობიექტის გახსნასთან დაკავშირებით, ნებართვას სურსათის ეროვნული სააგენტოსგან ელოდება. სეს-ში აცხადებენ, რომ დღის ბოლოს იმ ბაზრების სიას გამოაქვეყნებენ, რომლებსაც მუშაობის გაგრძელების უფლება ექნებათ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
30 მარტიდან ახალციხის ბაზარი ნაწილობრივ მუშაობს, აკრძალულია გარევაჭრობა, დაკეტილია სექციები, ბაზრის ტერიტორიაზე პროდუქტების ყიდვა მხოლოდ რამდენიმე მაღაზიაშია შესაძლებელი.
„ოთხი დღის წინ იყვნენ სურსათის ეროცნული სააგენტოდან და იმის მერე არ შეგვხმიანებიან. ყველაფერი შევასრულეთ რაც დაგვავალეს, გავაკეთეთ დეზობარიერები, ასევე დავდგით ხელთათმანების და პირბადეების ჩასაყრელი ურნები, ყველა თანამშრომელს აქვს სპეციალური აღჭურვილობა, რაც უნდას ჩაიცვას. ველოდებით გადაწყვეტილებას, მიზეზის მოფიქრება თუ უნდათ, ისედაც მოგვიძებნიან“, – გვითხრა ახალციხის სავაჭრო ცენტრ „ახალციხეს“ დირექტორმა ვახტანგ ქართველიშვილმა.
ბაზრის ადმინისტრაცია 29 მარტს, ტერიტორიაზე ხალხმრავლობისთვის, 15 000 ლარით დაჯარიმდა. მას შემდეგ დაწესდა შეზღუდვებიც.
ვახტანგ ქართველიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ბაზარი რაც შეიძლება მალე გაიხსნას, რადგან სოფელში მცხოვრები მოსახელობა პროდუქტის გაყიდვას ვერ ახერხებს.
„ყოველდღე მოდიან და მეკითხებიან როდის შევძლებთ პროდუქტის გაყიდვას რომ შაქარი მაინც ვიყიდოთო, მე კი იძულებული ვარ უკან გავაბრუნო“, – ამბობს ქართველიშვილი.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს, რომ დღეს 13 აპრილს, დღის ბოლოს ეცოდინებათ იმ ბაზრების ჩამონათვალი, რომლებიც ფუნქციონირებას გააგრძელებენ, მათ შორის სავარაუდოდ ახალციხის ბაზარიცაა.
„მექნება კონკრეტული ჩამონათვალი დაახლოებით დღის ბოლოსთვის. გამოვაქვეყნებთ თუ რომელი ბაზრები გააგრძლებენ მუშაობას. ახალციხის ბაზარს, მე როგორც ვიცი ექნება მუშაობის უფლება, რადგან როგორც ვიცი დიდი სამუშაო ჩაატარეს. თუმცა ზუსტი ინფორმაცია დღის ბოლოს მექნება“, – გვითხრეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
ახალციხის მსგავსად, რამდენიმე დღეა დაკეტილია ბორჯომის აგრარული ბაზარიც. დღის ბლოს გაირკვევა შეძლებს თუ არა სავაჭრო ობიექტი მუშაობის გაგრძელებას.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 266 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 67 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.