სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული: ახალციხის ბაზარი არ გაიხსნება

1084

სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულის განმარტებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მატების გამო, ახალციხის ბაზარი არ გაიხსნება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ამირანაშვილმა აღნიშნა, რომ ბაზარი აღდგომასაც დაკეტილი იქნება. მისივე თქმით, სავაჭრო ცნტრ „ახალციხეში“ ხალხი სავაჭროდ, საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც ჩამოდიან, ეს კი საფრთხის შემცველია.

„ამ დროისათვის მოგეხსენებათ, რომ შევდივართ პიკში, მატებაა შემთვევების. მიგვაჩნია რომ ეს შეიძლება გახდეს დამატებითი საფრთხის შემცველი, ამიტომ თავს ვიკავებთ. ახალციხეს არ აქვს პრობლემა სასურსათო მაღაზიების, ასევე თვითონ ბაზარში ფუნქციონირებს დიდი სუპერმარკეტები, ბაზრის გარშემო მაღაზიები ღიაა და დისტანციით რიგების რეგულირებით შესაძლებელია რომ ჩვენმა მომხმარებელმა პროდუქცია შეიძინოს. ამ ეტაპზე ბაზრის გახსნა არის რისკის შემცველი“,- ამბობს ამირანაშვილი.

როდის გაიხსნება ახალციხის ბაზარი ამ ეტაპზე არ იციან.

30 მარტიდან ახალციხის ბაზარი ნაწილობრივ მუშაობს, აკრძალულია გარევაჭრობა, დაკეტილია სექციები, ბაზრის ტერიტორიაზე პროდუქტების ყიდვა მხოლოდ რამდენიმე მაღაზიაშია შესაძლებელი.

ბაზრის ადმინისტრაცია 29 მარტს, ტერიტორიაზე ხალხმრავლობისთვის, 15 000 ლარით დაჯარიმდა. მას შემდეგ დაწესდა შეზღუდვებიც.

თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილიდან 10 დღით აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 336 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 74 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.