ახალციხის სპორტული კომპლექსის შეჩერებული მშენებლობა გრძელდება

381

ახალციხეში სპორტკომპლექსის, მათ შორის საცურაო აუზის მშენებლობას, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა შეჩერებულია, შპს “არალი” დაასრულებს. კომპანიასთან მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხელშეკრულება 6 დეკემბერს დადო.

ხელშეკრულების დადების შესახებ დოკუმენტის მიხედვით, შპს „არალი“ დარჩენილ სამუშოებს 11 296 482,75 ლარად, ხელშეკრულების დადებიდან 13 თვეში შეასრულებს.

ცნობისთვის, სპორტკომპლექსის და საცურაო აუზის მშენებლობის პროცესი მიმდინარე წელს შეჩერდა. აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროგრამის ხელმძღვანელი მუნიციპალური განვითარების ფონდში, ბექა თორიას განმარტებით ჩინურ კომპანია “ნანთოს სანძიენ ჯორჯია”, პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე სამუშაოებს დამაკმაყოფილებლად ასრულებდა, თუმცა, მოგვიანებით მან ვადების დარღვევა დაიწყო, ბოლოს მშენებლობის პროცესი შეაჩერა.

საცურაო აუზის მშენებლობის შესახებ, ახალციხის მერიამ საუბარი 2018 წლის ნოემბერში დაიწყო. მას შემდეგ, საპროექტო დოკუმენტების მოსამზადებლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი ორჯერ გამოაცხადა. პირველი ტენდერი ჩაიშალა, მეორედ გამოცხადებულ ტენდერში შპს “კარკასმა” გაიმარჯვა და სპორტული კომპლექსის ასაშენებლად პროექტი 218 360 ლარად მოამზადა.