დღეს დილიდან ზუგდიდის აგრარულ ბაზარში ხალხმრავლობაა. ბაზრის შესასვლელს პოლიცია და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები აკონტროლებენ.
ბაზარში არ უშვებენ მოქალაქეებს პირბადეების გარეშე, კარებთან ხდება დეზინფექცია. პოლიცია და ზედამხედველობის სამსახური მოქალაქეებს სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.
როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, დღევანდელი ხალხმრავლობა უკავშირდება მანქანებით გადაადგილების შეზღუდვის მოხსნას. მისივე თქმით, თუ მომხმარებელთა ნაკადები არ დარეგულირდა, კვლავ დაიწყება ზუგდიდის ბაზრის დახურვის საკითხის განხილვა.
ზუგდიდის აგრარული ბაზარი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უკვე ორჯერ დაიხურა. ბოლის ბაზარი 24 აპრილს გაიხსნა.
24 აპრილს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა. ამავე გეგმის მიხედვით, ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნა დღეიდან, 27 აპრილიდან იწყება და ეტაპობრივად, 2-კვირიანი შუალედებით გაგრძელდება. 27 აპრილიდან აღდგება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება; ტაქსების ოპერირება; ონლაინვაჭრობა სრულად; მიტანის სერვისი ნებისმიერ პროოდუქტზე; ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 496 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.