ზუგდიდის ბაზარი ისევ დაიხურა, ხვალ დაიხურება ფოთის ბაზარიც

524

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, დღეს ზუგდიდის ბაზარი დაიხურა, მაქსიმუმ ხვალ დილისთვის კი ფოთის დაიკეტება.

ალექსანდრე მოწერელიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ იძულებულები გახდნენ ეს გადაწყვეტილება მიეღოთ, მოქალაქეთა უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო. მისი თქმით, ქალაქებში არათუ შეწყდა მოქალაქეთა და ავტომობილთა ნაკადი, არამედ პირიქით, გაიზარდა. მანვე აღნიშნა, რომ ზუგდიდის ბაზარში, სამართალდამცველთა მობილიზაციის მიუხედავად, პროცესი უმართავი შეიქმნა.

“მე მინდა ბოდიში მოვუხადო იმ მეწარმეებს, ვინც დღეს დაზარალებული დარჩა იმის გამო, რომ მოქალაქეებმა დისტანციის დაცვაზე ფაქტობრივად განაცხადეს უარი. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა საკუთარი თავის, ახლობლების, ნათესავების, პოლიციის, ადმინისტრაციის მიმართ. იძულებული ვიყავით დაგვეწყო ბაზრის დახურვის პროცესი”, – განმარტა სახელმწიფო რწმუნებულმა.

მისი თქმით, ზუგდიდის პარარელურად დაიხურება ფოთის ბაზარი, მიუხედავად იმისა, რომ აქ უკეთესი მდგომარეობაა, რადგან პოლიციას ვერ მოაცდენენ იმისთვის, რომ მოქალაქეთა დისტანცია აკონტროლონ და დააჯარიმონ.

ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ბაზრის სიახლოვეს არც გარემოვაჭრეები იქნებიან და ისინი დაჯარიმდებიან, თუკი საქმიანობას გააგრძელებენ.

“ჩვენ უკვე მივდივართ უკიდურეს ზომებზე. არავის უხარია 3 ათას ლარიანი ჯარიმების გამოწერა, მაგრამ პოლიცია იმოქმედებს კომპრომისის გარეშე. გუშინ ერთი ოჯახის წევრებე მოუწიათ სამწუხაროდ 6 ათასი ლარის გამოწერა”, – განმარტა მან.

კორონავირუსის საფრთხის გამო 6 აპრილს დახურულმა ზუგდიდის ბაზარმა მუშაობა ნაწილობრივ 12 აპრილს განაახლა. 6 აპრილს დაიკეტა სენაკის ბაზარიც და ამ დრომდე მუშაობა არ განუახლებია.

ფოთის ბაზრის მუშაობა კი მაშინ არ შეწყვეტილა, რადგან სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, აქ მოხერხდა რეკომენდაციების გათვალისწინება. 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი  გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 336 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 74 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.