მარნეულის მუნიციპალიტეტიდან გუშინ 100 ტონაზე მეტი პროდუქტი იქნა გატანილი, – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მოსავალი ჭარბია და გარკვეული შეზღუდვების გამო, ადგილობრივ ბაზარზე მოხმარება შემცირებულია.
როგორც რეხვიაშვილი აცხადებს, სადისტრიბუციო კომპანიამ გუშინ მუნიციპალიტეტიდან პროდუქტები 13 და 10 ტონიანი ავტომობილებით გაიტანა.
„ჩვენი თანამოქალაქეები ძალიან მშრომელი ხალხია და არის ძალიან უხვი, ჭარბი მოსავალი. ძალიან მსხვილი მარკეტებიც კი დაკეტილია. რესტორნული, ტურისტული ინფრასტრუქტურა და სერვისები აღარ მუშაობს და ბუნებრივია, შემცირდა ადგილობრივ ბაზარზე მოხმარება. მიუხედავად ამისა, გუშინ სადისტრიბუციო კომპანიამ, რომელთანაც ვთანამშრომლობთ და მისგან მარაგდება მთლიანად ქვეყნის მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, გაიტანა ხუთი დიდი მოცულობის, 13 და 10 ტონიანი მანქანებით პროდუქცია“, – განაცხადა რწმუნებულმა.
ამასთან, მისი თქმით, სოფლებში, სადაც კიტრის მოსავალია, შესაბამისად აღჭურვის შემდეგ, ადგილობრივებსაც მიეცათ საშუალება, „ემ 2“ ტიპის ავტომობილებით თავადაც გაეტანათ პროდუქტი და ეს მიდგომა გაგრძელდება.
„ჩვენ ასევე მივიღეთ არაორდინარული გადაწყვეტილება. სოფლები, სადაც კიტრის მოსავალია, გავაკეთეთ ორგანიზება, რომ ადგილობრივი მოსახლეობა აღგვეჭურვა შესაბამისად დადგენილი სტანდარტით, ორგანიზებული კოლონით, საკუთარი „ემ 2“ კატეგორიის სამარშუტო ტიპის ტრანზიტული გადაზიდვა მოვახდინეთ ავტომობილებით. დიდ ტონიანი მანქანაც იყო. დისტრიბუციითა და ჩვენი მანქანით ისე, რომ მძღოლები არ გადმოსულიყვნენ და გარეთ კავშირი არ ჰქონოდათ, ჩავიდნენ სადისტრიბუციო სივრცეში მოიწონეს პროდუქცია, გააკეთეს ანგარიშსწორება და დაბრუნდნენ უკან. დისტრიბუციითა და ჩვენი ძალებით 100 ტონაზე მეტი წავიდა გუშინ. დღეს მანქანები მისულია და იტვირთებიან. იგივე რეჟიმით ვიმოქმედებთ დღესაც და ხვალაც“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
ცნობისთვის, სოფელ აღმამედლოში შეკრებილი მოსახლეობა სადისტრიბუციო მანქანებს დილიდან ელოდა, რათა მათ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის რეალიზება შეძლონ. ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მოქალაქეებს უსაფთხოების მიზნით პირბადეები დაურიგეს. გარდა ამისა, ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
ზაურ დარგალის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მერია მაქსიმალურადაა ჩართული, რათა ადგილობრივი მოსახლეობის პროდუქცია გავიდეს გარეთ.
შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს მარნეულში რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათი თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა. ისინი ადგილობრივი თვითმმართველობისგან დახმარებას ითხოვდნენ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა 27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 431 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.