დღეიდან ზუგდიდის აგრარული ბაზარი ნაწილობრივ ფუნქციონირებას შეძლებს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურისე ინფორმაციით, ფუნქციონირება უკვე დაიწყეს ფოთის ბაზარში მდებარე სასურსათო მაღაზიებმა.
“ფოთში ფუნქციონირება დაიწყო ბაზარში განთავსებულმა სასურსათო მაღაზიებმა, რომლებიც შესაბამის ნორმებს აკმაყოფილებენ. ასევე ხვალიდან დაიწყებს ფუნქციონირებას ზუგდიდის აგრარულ ბაზარში არსებული სასურსათო მაღაზიები, ასევე სექცია რომელიც რძის პროდუქტებს და ხორცს ყიდის,“- განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ.
მისივე ინფორმაციით, ზუგდიდის აგრარულ ბაზარში დაცული იქნება ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები, სურსათის ეროვნული სააგენტოს და ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციები, ტერიტორიაზე რიგებს მოხალისეები, სამართალდამცველები და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები გააკონტროლებენ.
„ბაზარში შესასვლელად მოქალაქეებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ პირბადე. ზუგდიდის აგრარული ბაზარი, დროებით 16 აპრილს დაიხურა, მიზეზი წინასადღესასწაულო პერიოდში მოქალაქეთა რიგების მოუწესრიგებლობა გახდა,“ – აღნიშნულია სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა 27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 420 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 107 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.