ჩვენ შეთავაზება გავაკეთეთ, ბურთი არის ოპოზიციის მოედანზე, ველოდებით მათგან რაციონალურ პასუხებს ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს საარჩევნო სისტემაზე საუბრისას განუცხადა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი იქნება მაქსიმალურად კონსტრუქციული, მაქსიმალურად ორიენტირებულები იმაზე, რომ მოხდეს შეთანხმება, ოღონდ ეს შეთანხმება სამართლიანი უნდა იყოს და ითვალისწინებდეს ყველა მხარის ინტერესს.
„ჩვენ შეთავაზება გავაკეთეთ, ბურთი არის ოპოზიციის მოედანზე, ველოდებით მათგან რაციონალურ პასუხებს ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით. 100/50-ზე არის ძალიან რეალისტური შეთავაზება, ვინაიდან ის მკვეთრად ამცირებს მაჟორიტარების რაოდენობას და მკვეთრად ზრდის პროპორციული მანდატების რაოდენობას პარლამენტში. ეს არის ის ბალანსი რეალურად, რისკენაც ოპოზიცია აკეთებდა განცხადებებს. ჩვენ ეს შეთავაზება გავაკეთეთ. მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის ჩატარებამდე საჭირო იქნება კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან და შემდეგ შევხვდებით მოლაპარაკებების მაგიდასთან.
როგორც გითხარით, ჩვენ გავაკეთეთ შეთავაზება ძირითად საკითხზე, რაც მანდატების რაოდენობას უკავშირდება. პროპორციულ ნაწილში ამ მომენტისთვის კანონმდებლობაში ზუსტად ისეა დარეგულირებული საკითხი, როგორც ამას ოპოზიცია ითხოვდა, ანუ ბარიერი დაწეულია სამ პროცენტამდე, ნარჩუნდება ბლოკები. თუ ოპოზიციას სურს დამატებითი დეტალების განხილვა, რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ ეს საკითხები შემდეგ მოლაპარაკებებზე მოიტანონ. ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად კონსტრუქციულები, მაქსიმალურად ორიენტირებულები იმაზე, რომ მოხდეს შეთანხმება, ოღონდ ეს შეთანხმება უნდა იყოს სამართლიანი და უნდა ითვალისწინებდეს ყველა მხარის ინტერესს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტეტსო აქციები დაიწყო. 18 ნოემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის 37 მონაწილე დააკავა.
17 დეკემბერს კი ამერიკელმა კონგრესმენებმა პარლამენტის მიერ პროპორციულ სისტემაზე უარის თქმის გამო შეშფოთება გამოთქვეს, რაზეც პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ დააყენებს.
ოპოზიციასა და მმართელ პარიას შორის საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა და ოთხივე უშედეგოდ დასრულა. ოპოზიციის მოთხოვნაა არჩევნები ან სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდეს, ან ე.წ. გერმანული მოდელით. “ქართულმა ოცნებამ“ მოლაპარაკების მეოთხე რაუნდზე ოპოზიციურ პარტიებს შეთავაზა, რომ შერეული სისტემა შენარჩუნდეს, თუმცა, მომავალ პარლამენტში მაჟორიტარების რაოდენობა 50-მდე შემცირდეს. ოპოზიცია ამ ახალ წინადადებას მიუღებელს უწოდებს.