უსუფაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რათა რევოლუციური ცვლილება ამ ქვეყანაში აღარ მოხდეს

1126

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

„შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, იმედი აქვს, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის საბოლოოდ შეთანხმება შედგება.

„იმედი მაქვს, შეთანხმებას მივაღწევთ. ეს იქნება რთული, მაგრამ ამის იმედი მაქვს. ჩვენი მხრიდან კეკლუცობა, ტაქტიკა არ არის, რომ მოლაპარაკებებზე დავდივართ. არა, შედეგზე ვართ ორიენტირებული და შედეგს მივაღწევთ“ ,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კითხვაზე, „თუ შედეგი ვერ მიიღწევა, „შენების მოძრაობა“ რევოლუციურ სცენარს განიხილავს? ნინო ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ პროცესები იგივენაირად განვითარდეს“, უსუფაშვილმა უპასუხა, რომ ყველა ქვეყანაში, ყველა რევოლუციას ხელისუფლება ამწიფებს.

ამასთან, უსუფაშვილის თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რათა რევოლუციური ცვლილება საქართველოში აღარ მოხდეს.

„ხელისუფლებას შეყავს ხოლმე მდგომარეობა ჩიხში და ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. ყველაფერს გავაკეთებ, რათა რევოლუციური ცვლილება ამ ქვეყანაში აღარ მოხდეს და ამისთვის ხელისუფლება უნდა მოეგოს გონს, ამ ჩიხიდან გამოვიდეს“ ,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დღეს ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის საარჩევნო სისტემაზე შეხვედრის მეოთხე რაუნდი გაიმართა.  „ოცნების“ ინიციატივაა, შენარჩუნდეს შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა მაჟორიტარების რაოდენობა 73-დან 50 მანდატამდე შემცირდეს.

ამასთან, “ქართულ ოცნებას” სურს, რომ არა მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, არამედ მომდევნო არჩევნები იმ შერეული მოდელით ჩატარდეს, რაც დღეს მათ ოპოზიციას შესთავაზეს, რის მიხედვითაც პარლამენტში 100 მანდატი პროპორციული წესით განაწილდება, 50 კი – მაჟორიტარულით.

აღნიშნული შეთავაზება ოპოზიციისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მათი თქმით, ხელისუფლების ეს ნაბიჯი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე საერთოდ უარის თქმას ნიშნავს.

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება მიმდინარე პოლიტიკური პროცესის იგნორირებას შეეცდება, შესაძლოა, საქმე რევოლუციამდეც კი მივიდეს.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტეტსო აქციები დაიწყო.

17 დეკემბერს ამერიკელმა კონგრესმენებმა პარლამენტის მიერ პროპორციულ სისტემაზე უარის თქმის გამო შეშფოთება გამოთქვეს, რაზეც პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ დააყენებს