შსს-მ აქციის დაშლის დროს 37 ადამიანი დააკავა, დაშავდა 4 მომიტინგე და 2 სამართალდამცველი

668

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორშაბათს, 18 ნოემბერს, პარლამენტის პიკეტირების დაშლის დროს ჯამში 37 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებიდან ნაწილს ხულიგნობას ედავებიან, ნაწილის კი სამართალდამცავების მოთხოვნის დაუმორჩილებლობას.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 18 ნოემბერს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებულია 37 პირი.

რუსთაველის გამზირზე დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი. დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ”, — აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

მანამდე ინფორმაცია 18 დაკავებულის შესახებ ვრცელდებოდა. მათ შორის არიან ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი, ბექა ბასილაია, ირაკლი ფავლენიშვილი, შოთა მათითაშვილი, დიმიტრი ბიძინაშვილი, ლადო ვართანოვი და ლევან ნოზაძე.

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.