“ქართული ოცნება“ ოპოზიციას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალი წინადადებით მიმართავს. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძე განაცხადა, რომ პროპორციული წილი გაიზრდება ორი მესამედით.
შესაბამისად, 100 დეპუტატს პროპორციული წესით აირჩევენ, მაჟორიტარული წილი კი 50 მანდატამდე შემცირდება.
ოპოზიციისა და “ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეხვედრა სასტუმრო „შერატონში“ მიმდინარეობდა.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტეტსო აქციები დაიწყო. 18 ნოემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის 37 მონაწილე დააკავა.
17 დეკემბერს კი ამერიკელმა კონგრესმენებმა პარლამენტის მიერ პროპორციულ სისტემაზე უარის თქმის გამო შეშფოთება გამოთქვეს, რაზეც პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ დააყენებს.