გახარია კონგრესმენების კრიტიკაზე: პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ დააყენებს

705

წინა სტატია

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია კონგრესმენების განცხადებას ჟურნალისტებთან საუბრისას აფასებს.

მისი თქმით კონგრესმენები საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელები არიან და მეგობრებისგან ყველა სახის კრიტიკა მისაღებია სამუშაო რეჟიმში.

„შევთანხმდეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი. ეს კონგრესმენები არიან საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელები. ჩვენი მეგობრებისგან და სტრატეგიული პარტნიორებისგან ყველა სახის კრიტიკას ვიღებთ სამუშაო რეჟიმში. რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენი მოსაზრებები გვაქვს. ჩვენ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ. არსებობს გარკვეული შეკითხვები, რომლებსაც ჩვენ ვუპასუხებთ და ეს არის სწორედ პოზიტიური თანამშრომლობის და პოზიტიური მეგობრობის განხილვა. არანაირი პრობლემა არაა.

არსებობს სამართლებრივი პროცედურები, რომლებიც უკვე გავლილია. ეს არის პარლამენტის გადაწყვეტილება და საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ვერავინ. სხვა ყველაფერი არის პოლიტიკური პროცესი, როგორც იცით, ელჩების მეშვეობით, ეს დიალოგი მიმდინაორებს.

საქართველოს პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს, ყველას ჩვენ გვაღელვებს ერთი რამ, ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარება, რაშიც ეჭვი არავის ეპარება. ყველამ იცის, რომ საქართველოს არ ჰქონია არასდროს ასეთი მნიშვნელოვანი პროგრესი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ნაწილში, ეს ყველაფერი ჩვენი დღევანდელი დღეა. რაც მეტს ვაღწევთ, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები მით მეტს ითხოვენ ჩვენგან, ეს მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ პროგრესზე,”- განაცადა გახარიამ.

ცნობისათვის, აშშ-ის კონგრესის წევრებმა – ადამ კინზინგერმა და ჯერი კონოლმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართეს. მათი გზავნილი საკმაოდ მწვავე და კრიტიკული აღმოჩნდა. კონგრესმენები წერენ, რომ ისინი შეშფოთებულები არიან პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებით და ქვეყანაში ბოლოს განვითარებული მოვლენებით და ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყონებლივ მიიღონ პროპორციული საარჩევნო სისტემა.