საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დილას პარლამენტთან დემონსტრაციის დასაშლელად წყლის ჭავლი არ გამოუყენებია, თუმცა ეს ასე არ არის.
გამთენიის 5:00 საათზე, აქციის დაშლისას წყლის ჭავლის გამოყენება ჩანს არაერთი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში. ამასთან, წყლის ჭავლის მოხვედრის შედეგად აქციის ერთ მონაწილეს თვალი დაუზიანდა.
26 ნოემბრის დილას სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა: „გუშინ დაიწყო საპროტესტო აქცია, რომელიც გადაიზარდა უკვე კანონდარღვევაში, ვინაიდან ოპოზიციის გარკვეულმა წარმომადგენლებმა მოახდინეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების პიკეტირება. მათ მიეცათ გონივრული ვადა, რაზეც აღნიშნული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას“.
იქვე განაცხადა: „შესაბამისად, პოლიციური ძალები გამოვიდა და აღნიშნული პირები ჩამოიყვანა რუსთაველის გამზირზე ყოველგვარი ძალადობის და სპეციალური საშუალების გამოყენების გარეშე, მათ შორის წყლის“.
შეგახსენებთ, რომ გუშინ აქციის მონაწილეებმა პარლამენტის პიკეტირება მოახდინეს, რათა მმართველი გუნდისთვის პლენარული სესიის ჩატარების საშუალება არ მიეცათ. თუმცა, ხელისუფლებამ პარლამენტთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია სპეციალური დანიშნულების რაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დილის 05:00 საათზე დაშალა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორისაა მთავარი არხის ჟურნალისტი. აქციაზე დააკავეს 28 ადამიანი.
აქციის მონაწილეები კვლავაც რჩებიან პარლამენტის წინ.
ბოლო 10 დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა პოლიცია წყლის ჭავლის გამოყენებით აქციას შლის.
მანამდე, 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტეტსო აქციები დაიწყო. 18 ნოემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის 37 მონაწილე დააკავა.
აქციიის მოთხოვნაა, 2020 წელს პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.