აქციის მონაწილე ზაზა ლიპარტელიანი აცხადებს, რომ წყლის ჭავლისგან თვალის დაზიანება მიიღო

704

წინა სტატია

პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის დაშლისას ერთ-ერთ მონაწილეს, ზაზა ლიპარტიას თვალი დაუზიანდა. მოქალაქემ თვალის არეში დაზიანებები წყლის ჭავლის შედეგად მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

“როდესაც ჭავლის მეშვეობით დაიწყეს დაშლა მას სახის არეში მოხვდა ჭავლი, მარცენა თვალი დაუზიანდა. იქვე თვალი გადმოვარდა, ფაქტობრივად, თავისი ხელით ჩაისვა. სახის კანი აქვს დაზიანებული მთლიანად მარცხენა მხარეს”, – ამბობს თვითმხილველი მთავარი არხის ეთერში.

დაზარალებული „ნიუ ჰოსპიტალსშო” გადაიყვანეს.

“პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე დაშავებულს თვალის დაკარგვის საფრთხე არ ემუქრება,” – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორის მოადგილე კონსტანტინე სახვაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, კლინიკაში აქციიდან სამი პირი შეიყვანეს, რომელთაგან ერთი უკვე გაწერილია.​

„პაციენტს დაზიანება აქვს თვალისა და თვალბუდის არეში. თვალის დაკარგვის საშიშროება არ არის. ამჟამად იმყოფება კლინიკაში და სათანადო კვლევები უტარდება. მას აღენიშნება თვალბუდის ფსკერის ძვლის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა, რომელზეც შეიძლება საჭირო გახდეს ოპერაცია, ასევე არ არის საჭირო მხედველობაზე ოპერაციის ჩატარება. პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა კონსტანტინე სახვაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აქციის მონაწილეებმა პარლამენტის პიკეტირება მოახდინეს, რათა მმართველი გუნდისთვის პლენარული სესიის ჩატარების საშუალება არ მიეცათ. თუმცა, ხელისუფლებამ პარლამენტთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია სპეციალური დანიშნულების რაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დილის 05:00 საათზე დაშალა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორისაა მთავარი არხის ჟურნალისტი. აქციაზე დააკავეს 28 ადამიანი.

აქციის მონაწილეები კვლავაც რჩებიან პარლამენტის წინ.

ბოლო 10 დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა პოლიცია წყლის ჭავლის გამოყენებით აქციას შლის.

მანამდე, 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტეტსო აქციები დაიწყო. 18 ნოემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის 37 მონაწილე დააკავა.

აქციიის მოთხოვნაა, 2020 წელს პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.