სპეცრაზმმა პარლამენტის წინ აქცია ისევ დაშალა

766

სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტთან დაახლოებით დილის 05:00 საათზე გამოჩნდა. მათ კიდევ ერთხელ დაშალეს პარლამენტთან მიმდებარე აქცია და პიკეტირებული საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებიუ გაათავისუფლეს. გამოყენებული იყო წყლის ჭავლიც. რუსთაველის გამზირზე მეეზოვეებმა გზა დაასუფთავეს. აღდგა საავტომობილო მოძრაობაც.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ არიან შეკრებილები. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტს კიდევ გააგრძლეებენ მიუხედავად სპეცრაზმის წინააღმდეგობისა. მათთან ერთად არიან ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც. პარლამენტის შესასვლელებთან სპეცრაზმია მობილიზებული.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, აქციის დაშლის დროს სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

პარლამენტში დღეს ბიუროსა და პლენარული სხდომებია ჩანიშნული. აქციის მონაწილეები გეგმავდნენ, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატებისთვის დღეს, 26 ნოემბერს, არ მიეცა პლენარული სხდომის ჩატარების საშუალება.

ბოლო 10 დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა პოლიცია წყლის ჭავლის გამოყენებით აქციას შლის.

ცნობისათვის, კახა კალაძემ ორშაბათს, 25 ონოებერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ თემა დახურულია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული წესით ჩატარდება. ასევე თქვა, რომ 2020 წლის არჩევნებში “ქართული ოცნება” მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დააყენებს იმ ოლქებში, სადაც “ნაციონალური მოძრაობის”ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა” დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების “რეალური შანსი”.

მანამდე, 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტეტსო აქციები დაიწყო. პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის 37 მონაწილე დააკავა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ პროტესტი ახალი ფორმა “მაინც დაგაბოქლომებთ” დაიწყეს. მათ სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებზე ბოქლომები დაადეს.

აქციიის მოთხოვნაა, 2020 წელს პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.