შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აქციის დაშლის დროს წყლის ჭავლი სპეცრაზმმა გამოიყენა. ამით სამინისტრომ უარყო ცოტა ხნის წინ საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის მიერ მედიასთან ნათქვამი, რომ თითქოს აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით არ დაუშლიათ.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლი გამოიყენეს სპეცდანიშნულების რაზმებმა და არა საპატრულო პოლიციამ, ხოლო ვაჟა სირაძე განცხადებაში, რომ წყლის ჭავლი არ გამოუყენებიათ, გულისხმობდა პოლიციურ ძალების და არა სპეცრაზმის მოქმედება.
მანამდე შსს-ში განაცხადეს, რომ სირაძის განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ეთანხმება.
საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დილას პარლამენტთან დემონსტრაციის დასაშლელად წყლის ჭავლი არ გამოუყენებია.
„გუშინ დაიწყო საპროტესტო აქცია, რომელიც გადაიზარდა უკვე კანონდარღვევაში, ვინაიდან ოპოზიციის გარკვეულმა წარმომადგენლებმა მოახდინეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების პიკეტირება. მათ მიეცათ გონივრული ვადა, რაზეც აღნიშნული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას. შესაბამისად, პოლიციური ძალები გამოვიდა და აღნიშნული პირები ჩამოიყვანა რუსთაველის გამზირზე ყოველგვარი ძალადობის და სპეციალური საშუალების გამოყენების გარეშე, მათ შორის წყლის“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
გუშინ აქციის მონაწილეებმა პარლამენტის პიკეტირება მოახდინეს, რათა მმართველი გუნდისთვის პლენარული სესიის ჩატარების საშუალება არ მიეცათ. თუმცა, ხელისუფლებამ პარლამენტთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია სპეციალური დანიშნულების რაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დილის 05:00 საათზე დაშალა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორისაა მთავარი არხის ჟურნალისტი. აქციაზე დააკავეს 28 ადამიანი.
აქციის მონაწილეები კვლავაც რჩებიან პარლამენტის წინ.
ბოლო 10 დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა პოლიცია წყლის ჭავლის გამოყენებით აქციას შლის.
მანამდე, 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტეტსო აქციები დაიწყო. 18 ნოემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის 37 მონაწილე დააკავა.
აქციიის მოთხოვნაა, 2020 წელს პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.