“ქართული ოცნება“ მზადაა, საარჩევნო სისტემის საკითხზე პლებისციტი ჩატარდეს, ოღონდ 2020 წლის საპარლამენტო, ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს.
შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
„როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო უმრავლესობაში არის მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის.
გუშინ და დღეს გუნდში გამართული კონსულტაციების შედეგად, ჩვენ ისინი დავარწმუნეთ, რომ გუნდი 2020 წლის არჩევნებისთვის ვერცერთ ახალ ინიციატივას ვერ განიხილავს.
თუმცა, ჩვენ გაგებით ვეკიდებით მათ ზოგად ინიციატივას და შევთანხმდით, რომ ისინი გააგრძელებენ ამ მიმართულებით საქმიანობას, ოღონდ იმ პირობით, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთო-სახალხო კენჭისყრაზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს დადგება“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, კანონმდებლობით, პლებისციტი არის ფარული კენჭისყრის გზით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე.
ცნობისათვის, 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით “ქართული ოცნების” წევრი აკაკი ზოიძე პარასკევს გამოვიდა. ხოლო, რამდენიმე დღის წინ მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, მაჟორიტარების სახელით სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოვიდა.
მანამდე, 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტეტსო აქციები დაიწყო. პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის მონაწილე 37 პირი დააკავა. მათ ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ნაწილის სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა.
აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ პროტესტი ახალი ფორმა “მაინც დაგაბოქლომებთ” დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებს ბოქლომებს ადებენ. პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად უკვე “დააბოქლომეს” პროკურატურა და მთავრობის კანცელარია.
პარასკევს “ევროპულმა საქართველომ” სიმბოლურად ბოქლომების დადების აქცია რეგიონებში, მაჟორიტართა ბიუროების ოფისებზეც გამართა და რამდენიმე მაჟორიტარის ბიუროს ოფისის კარებზე სიმბლლური ბოქლომები დაკიდეს, ასევე გააკრეს სტკერები წარწერით – “დალუქულია”.
აქციიის მოთხოვნაა, 2020 წელს პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. უმრავლესობის სხდომოს პარალელურად საპროტესტო აქცია იმართებოდა “ქართული ოცნების” ოფისი წინ.
გარდა ამისა, სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია დღეს, 25 ნოემბერს, 19:00 საათზე აქციას გამართავს, რის შემდეგაც, პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. აქტივისტები სამშაბათის პლენარული სხდომის ჩაშლას აპირებენ.