აკაკი ზოიძე პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს

1012

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

„გადავწყვიტე, საჯაროდ გამეჟღერებინა და მიმემართა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოსთვის, რათა მათ მიიღონ ზომები უმოკლეს ვადაში 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებაზე. ღრმად მწამს, რომ ეს გადაწყვეტილება აგვაცილებს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავებას. მივმართავ ყველას, უპირველეს ყოვლისა, მმართველი გუნდის იმ წევრებს, ვინც ამ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა – გამოვიყენოთ პლებისციტამდე თუ რეფერენდუმამდე დარჩენილი დრო საზოგადოებასთან სამუშაოდ, რათა ჩვენთვის და ქვეყნისთვის სასურველი შედეგი მივიღოთ. ამასთან ერთად, აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ, რომ შედეგები იქნება სავალდებულო და უპირობო მოქმედების სახელმძღვანელო ყველა ჩვენგანისთვის. ხალხი ბრძენია, საზოგადოება არის საკმარისად პოლიტიკურად მომწიფებული, რომ პოლიტიკური დემაგოგიისგან გამოარჩიოს ჭეშმარიტების მარცვალი, ანუ რატომ არის პროპორციული საარჩევნო სისტემა ამ სიტუაციაში ყველაზე კარგი გამოსავალი“, – განაცხადა ზოიძემ.

კითხვაზე, როგორ ჩატარდება რეფერენდუმი საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის პირობებში, იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებლობა რეფერენდუმის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩატარებას მოითხოვს, ზოიძემ აღნიშნა, რომ 2003 და 2005 წელს რეფერენდუმის ჩასატარებლად საჭირო გამოსავალი მოიძებნა, და იმედი გამოთქვა, რომ ამის საშუალება მოიძებნება ახლაც.