ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა, მათმა მხარდამჭერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ბოქლომი მთავრობის კანცელარიასაც დაადეს. საპროტესტო აქცია კანცელარიასთან მთავრობის სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელსაც რამდენიმეზოლიანი კორდონი ჰქონდა გაკეთებული კანცელარიის ჭიშკრამდე. ისინი არ ატარებდნენ აქტივისტებს, რომ სიმბოლურად გაეპროტესტებინათ მიმდინარე მოვლენები და ჭიშკარზე ბოქლომი დაედოთ.
საპატრულო პოლიციციის უფროსი, ვაჟა სირაძე აქციის მონაწილეებს ეუბნებოდა, რომ კანცელარიასთან შეკრებილებს შეუძლიათ “ბოქლომი დაადონ შენობის გვერდზე, ფორმალურად, სადაც კარები არ არის”. საბოლოოდ, დემონსტრანტებმა ბოქლომი კანცელარიის ერთ-ერთ გვერდითა ჭიშკარს დაადეს ბოქლომი.
პარლამენტის პიკეტირების დაშლის შემდეგ პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად დაადეს ბოქლომი პროკურატურას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.
შეგახსენებთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. აქციის დაშლის დროს დაშავდა 4 მომიტინგე და 2 სამართალდამცველი.
შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის მონაწილე 37 პირი დააკავა. დაკავებულების ნაწილს სასამართლომ გუშინ 3,5,7, 12 და 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სხვა დაკავებულების სასამართლო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.