კალაძე: თემა დახურულია, 2020-ის არჩევნები შერეული წესით ჩატარდება

564

სტატიის გაგრძელება

თემა დახურულია, 2020 წლისთვის შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს სრულად შეესაბამება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

პარტიის გენერალურმა მდივანმა ბრიფინგზე თქვა, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთო სახალხო კენჭისყრაზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 ადგილობრივი  თვითმმართველობის არჩევნების დღეს დადგება.

“როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო უმრავლესობაში არის მაჟორიტარ-დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის. გუშინ და დღეს გუნდში გამართული კონსულტაციების შედეგად, ჩვენ ისინი დავარწმუნეთ, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის ვერცერთ ახალ ინიციატივას ვერ განვიხილავთ, თუმცა ჩვენ გაგებით ვეკიდებით მათ ზოგად ინიციატივას და შევთანხმდით, რომ ისინი გააგრძელებენ ამ მიმართულებით საქმიანობას, ოღონდ იმ პირობით, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთო სახალხო კენჭისყრაზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების”, – თქვა კალაძემ.

ცნობისათვის, 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით “ქართული ოცნების” წევრი აკაკი ზოიძე პარასკევს გამოვიდა.

მანამდე, 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტეტსო აქციები დაიწყო. პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის მონაწილე 37 პირი დააკავა.  მათ ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ნაწილის სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ პროტესტი ახალი ფორმა “მაინც დაგაბოქლომებთ” დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებს ბოქლომებს ადებენ. პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად უკვე “დააბოქლომეს” პროკურატურა და მთავრობის კანცელარია.

პარასკევს “ევროპულმა საქართველომ” სიმბოლურად ბოქლომების დადების აქცია რეგიონებში, მაჟორიტართა ბიუროების ოფისებზეც გამართა და რამდენიმე მაჟორიტარის ბიუროს ოფისის კარებზე სიმბლლური ბოქლომები დაკიდეს, ასევე გააკრეს სტკერები წარწერით – “დალუქულია”.

აქციიის მოთხოვნაა, 2020 წელს პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. უმრავლესობის სხდომოს პარალელურად საპროტესტო აქცია იმართებოდა “ქართული ოცნების” ოფისი წინ.

გარდა ამისა, სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია დღეს, 25 ნოემბერს, 19:00 საათზე აქციას გამართავს, რის შემდეგაც, პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. აქტივისტები სამშაბათის პლენარული სხდომის ჩაშლას აპირებენ.