უმრავლესობის სხდომის პარალელურად “ქართული ოცნების” ოფისთან აქცია იმართება

561

უმრავლესობის სხდომის პარალელურად “ქართული ოცნების” ოფისთან მოძრაობა “შეცვალე” საპროტესტო აქცია მართავს. ადგილზე მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში”-ს წევრებიც არიან.

ისინი პროპორციული სისტემით ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. როგორც მოძრაობის წევრები აცხადებენ, ისინი დეპუტატებისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობას აპირებენ. მმართველი პარტიის ოფისთან პოლიციაა მობილიზებული.

უმრავლესობის სხდომა 10 საათზე დაიწყო და მას “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.

სავარაუდოდ დღევანდელ სხდომაზე დეპუტატ აკაკი ზოიძის ინიციატივას განიხილავენ, რომელიც 2020 წლის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარებას ეხება.

შეგახსენებთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის მონაწილე 37 პირი დააკავა.  მათ ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ნაწილის სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ პროტესტი ახალი ფორმა “მაინც დაგაბოქლომებთ” დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებს ბოქლომებს ადებენ. პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად უკვე “დააბოქლომეს” პროკურატურა და მთავრობის კანცელარია.

პარასკევს “ევროპულმა საქართველომ” სიმბოლურად ბოქლომების დადების აქცია რეგიონებში, მაჟორიტართა ბიუროების ოფისებზეც გამართა და რამდენიმე მაჟორიტარის ბიუროს ოფისის კარებზე სიმბლლური ბოქლომები დაკიდეს, ასევე გააკრეს სტკერები წარწერით – “დალუქულია”.