კალაძე: მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დავაყენებთ იქ, სადაც “ნაცმოძრაობის” გარდა, სხვას ექნება გამარჯვების შანსი

559

წინა სტატია

“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის, თქმით, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კანდიდატები არ დააყენოს იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც “ნაციონალური მოძრაობის”ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა” დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების “რეალური შანსი”.

კალაძის თქმით, პარტია გზას გაუხსნის ორგანიზაციულად სუსტ, მაგრამ ავტორიტეტის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებს და აქტიურ ადამიანებს.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი.

შედეგად, უზრუნველვყოფთ მომავალი პარლამენტის მაქსიმალურ პოლიტიკურ მრავალფეროვნებას. გზას გავუხსნით ორგანიზაციულად სუსტ, მაგრამ ავტორიტეტის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებს და აქტიურ ადამიანებს, რათა მათ უშუალო და ქმედითი მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების განხორციელების პროცესში, რაც იყო კიდეც ჩვენს მიერ ივნისში წარდგენილი საარჩევნო შეთავაზების მთავარი იდეა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ 2020 წლისთვის შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს სრულად შეესაბამება.

ცნობისათვის, 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით “ქართული ოცნების” წევრი აკაკი ზოიძე პარასკევს გამოვიდა.

მანამდე, 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტეტსო აქციები დაიწყო. პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის მონაწილე 37 პირი დააკავა.  მათ ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ნაწილის სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ პროტესტი ახალი ფორმა “მაინც დაგაბოქლომებთ” დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებს ბოქლომებს ადებენ. პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად უკვე “დააბოქლომეს” პროკურატურა და მთავრობის კანცელარია.

პარასკევს “ევროპულმა საქართველომ” სიმბოლურად ბოქლომების დადების აქცია რეგიონებში, მაჟორიტართა ბიუროების ოფისებზეც გამართა და რამდენიმე მაჟორიტარის ბიუროს ოფისის კარებზე სიმბლლური ბოქლომები დაკიდეს, ასევე გააკრეს სტკერები წარწერით – “დალუქულია”.

აქციიის მოთხოვნაა, 2020 წელს პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. უმრავლესობის სხდომოს პარალელურად საპროტესტო აქცია იმართებოდა “ქართული ოცნების” ოფისი წინ.

გარდა ამისა, სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია დღეს, 25 ნოემბერს, 19:00 საათზე აქციას გამართავს, რის შემდეგაც, პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. აქტივისტები სამშაბათის პლენარული სხდომის ჩაშლას აპირებენ.