დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ მეტროსადგურ “გოცირიძის” რეაბილიტაციაში ჩართულ კომპანიაზე ისაუბრა და თქვა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შპს “მამისონმა” შემდეგ ტენდერებში მონაწილეობის მიღება ვეღარ შეძლოს. მისი თქმითვე, რეაბილიტაციის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები თავად მერიამ უნდა გამოასწოროს, ხოლო, დახარჯული თანხები სასამართლოს გზით შპს “მამისონისგან” ამოიღოს.
მერის განცხადებას კომპანია “მამისონის” გენერალური დირექტორი დავით ხიდეშელი bm.ge-სთან პასუხობს. მისი თქმით, კომპანიამ მეტროსადგურ “გოცირიძის” რეაბილიტაცია 20 ნოემბერს დაასრულა და მერის პოზიცია, რომ პროექტში ხარვეზებია, სიმართლეს არ შეესაბამება.
“მამისონის” წარმომადგენელის განმარტებით, დოკუმენტაცია, რომლის ჩაბარებაც კახა კალაძის თქმით, გაჭიანურდა, სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლომდე უკვე მზად იქნება.
“ამ ეტაპზე ჩვენ არ ვაპირებთ ჩივილს, ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება დროულად ჩავაბაროთ პროექტი. სამშენებლო პროცესები 20 ნოემბერს დასრულდა. ახლა მიდის დოკუმენტაციის მზადება. არაფერი ხარვეზი არ არის, მობრძანდნენ და ნახონ, ვინმე იყო ადგილზე მისული? მერი სხვის ნალაპარაკებს ამბობს. იქიდან გამომდინარე, რომ პროექტი უკვე ერთი თვეა დასრულდა, რაღაცები დაიმტვერა და ა.შ. ღმერთმა დაგვიფაროს ეგეთ ტენდერში კიდევ შევიდეთ.
ჩვენ ეკონომიკის სამინისტროში შევიტანეთ ეს დოკუმენტაცია, მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე რამდენიმე კომპანიის ექსპერტები იყვნენ ჩართულები, სამინისტროში კი ყველა ექსპერტის დასკვნის ერთ დოკუმენტში გაერთიანება მოითხოვეს. ერთ კომპანიას სამი ექსპერტიზა აქვს გაკეთებული, მეორეს სამი და ახლა იმ ექსპერტს, რომელმაც სამი დასკვნა გააკეთა, მეორე ექსპერტის საფუძველზე დაყრდნობა უჭირს კი არა, შეუძლებელიც არის. ახლა კი ეს სხვა ადამიანი რომ ჩაერთვება და დაწერს მთლიან ექსპერტიზას, დრო დასჭირდება. ამიტომ გაჭიანურდა. ამ საბუთებს, ვფიქრობ, კვირის შევკრავთ და ჩავაბარებთ, შემდგომ მაგათზეა დამოკიდებული”, – ამბობს “მამისონის” დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ 2 წელზე მეტია მეტროსადგური “გოცირიძე” მგზავრებს ვერ ემსახურება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წლის ივლისში დაიწყო და რამდენიმე კომპანია გამოიცვალა.