პარტია „საქართველოსთვის“ მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, რომ უარი თქვას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაზე, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ დღეს, 6 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, “ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯია და ევროპული რეკომენდაციების სულისკვეთებას პირდაპირ ეწინააღმდეგება.
საუბარია „ოცნების“ მიერ პარლამენტში ინიცირებულ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, თუ მერის მიერ შედგენილი ბიუჯეტი არ მიიღო საკრებულომ და ხმათა უფრო მაღალი კვორუმით, 3/5-ით, თავისი შედგენილი ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა, აღნიშნული ხდება მხოლოდ საკრებულოს და არა მერის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, რაც მერებს ათავისუფლებს შედგენილი ბიუჯეტების ჩავარდნის გამო მოსალოდნელი პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან.
ბერდია სიჭინავას განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები წარმოადგენს ოპოზიციური საკრებულოების შანტაჟს, რომ დაამტკიცონ მერის მიერ შედგენილი ბიუჯეტი ისე, რომ მასში ხალხის მიერ არჩეული საკრებულოს წევრების შენიშვნები და ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტები არ იქნება გათვალისწინებული.
„ევროკავშირის რეკომენდაციების მიუხედავად, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს ინსტიტუტების გამართულად მუშაობა, მათი დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მათზე დემოკრატიული ზედამხედველობა, ამ საკანონმდებლო ცვლილებით, „ოცნება“ აგრძელებს სახელმწიფო ინსტიტუტებზე საკანონმდებლო შტურმს, მათი დასუსტებისა და ერთპარტიულ ვერტიკალში მოქცევის მიზნით” – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, რომ დაინიცირებული საკანონმდებლობა ცვლილება წინააღმდეგობაშია სახელმწიფოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის პრინციპებთან, რომლის თანახმად, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არსებობა, რომლებსაც გააჩნიათ რეალური პასუხისმგებლობა, შეუძლია უზრუნველყოს ეფექტური და ამასთან, მოქალაქესთან დაახლოებული მმართველობა, რომელთა წინაშეც უნდა იყვნენ პასუხისმგებელი აღმასრულებელი ორგანოები.
https://www.facebook.com/ForGeoGe/posts/pfbid02W68ySB6KFHsXJ3iVjTrzuAZRskHZJC3R3qkXLWYj3Vku6DWEQBZaHGGgLKZdiGv7l