სპორტის უნივერსიტეტი 11 მილიონ ლარად “ოცნებასთან” დაახლოებულმა ნოშრევან ნამორაძემ იყიდა

419

სპორტის უნივერსიტეტის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია ელექტრონულ აუქციონზე 11 020 000 ლარად გაიყიდა. ინფორმაციას “ბიზნეს ფორმულა” ავრცელებს.  როგორც ფორმულამ გაარკვია, ობიექტის ახალი მფლობელი “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძეა.

ქონების ეროვნული სააგენტოს საწყისი ფასი თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N49-ში მდებარე 18 019 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობებისთვის 10 000 000 ლარი იყო. საბოლოოდ კი ობიექტი 11 020 000 ლარად შპს “ვი არ ვაკე თაუერსმა” იყიდა, რომლის მფლობელი და დირექტორი ნოშრევან ნამორაძეა.

აღსანიშნავია, რომ ქონების სააგენტომ 10 მილიონ ლარად შეფასებული ობიექტის გასაყიდად აუქციონი ისე გამოაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ, პრესრელიზის ან სოციალურ ქსელში პოსტის სახით, არ გაუვრცელებია.

აუქციონში გამარჯვებული კომპანიის მფლობელი მმართველი პარტიის შემომწირველებს შორისაა. კერძოდ, მიმდინარე წლის ივლისში ნოშრევან ნამორაძემ „ქართულ ოცნებას“ 50 000 ლარი შესწირა, გასულ წელს კი 30 000 ლარი.

ნოშრევან ნამორაძემ 2010 წელს დააარსა კომპანია “ვილა რეზიდენსი”, რომლის ახალი პროექტის, “კრწანისი რესორტ რეზიდენსის” პრეზენტაციას გასულ წელს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე ბიზნესმენმა ღარიბაშვილს და მის გუნდს ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენი 2014 წელს დაკავებული იყო და დავით კოდუას ცემის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

რაც შეეხება საპრივატიზებო ობიექტს, ის მრავალი საინვესტიციო ვალდებულებითაა დატვირთული, რაც მინიმუმ 50 000 000 ლარის ინვესტირებას, გარკვეული ინფრასტრუქტურის მოწყობას და მათ შორის, სახელმწიფოსთვის უფასოდ გადაცემას გულისხმობს.

ქონების საპრივატიზებო პირობები

ახალმა მფლობელმა მაქსიმუმ სამ წელში 7200 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მინიმუმ 26 128 219  ლარი უნდა დახარჯოს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებული სამშენებლო პროექტით და პირობებით.

ასევე, ვალდებულებებს შორისაა არანაკლებ 9 400 კვ.მ. ფართობის შენობა-ნაგებობ(ებ)ის აშენება, რაც მოიცავს ამავე შენობის სრულ რემონტს, დამოუკიდებელ გათბობა-გაგრილების სისტემას, მიწისქვეშა ავტოსადგომს, კალათბურთის, ფრენბურთის, ტანვარჯიშის, ძალოსნობის, ფიტნესის, კრივის თითო დარბაზისა და ჭიდაობის 2 დარბაზის მოწყობას. ასევე, საპრივატიზებო პირობებში შედის 500 კვ.მ. ფართის მქონე ღია ტიპის ხელოვნურსაფარიანი/ბუნებრივსაფარიანი მინისაფეხბურთო მოედნის და არანაკლებ 650 კვ.მ. ფართის მქონე ღია ტიპის ჩოგბურთის მოედნის მოწყობა.

განსაზღვრულია, რომ ავტოსადგომის მინიმუმ 110 კვ.მ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან შეთანხმებით, იმგვარად უნდა მოეწყოს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ასრულებდეს სამოქალაქო უსაფრთხოების დამცავი ნაგებობის (თავშესაფრის) ფუნქციას.

ინვესტორმა ამ ვალდებულებების სრულად შესრულებიდან 1 თვის ვადაში, უძრავი და მოძრავი ქონება სახელმწიფოს უსასყიდლოდ უნდა გადასცეს.

ერთ-ერთი ვალდებულება, ასევე, გულისხმობს 3 წლის ვადაში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ თბილისში მითითებულ ტერიტორიაზე არანაკლებ 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ, არანაკლებ 3 390 776 ლარის დახარჯვას, რაც მოხმარდება სამბოს დარბაზის პროექტირებას, მშენებლობას, რემონტს და ექსპლუატაციაში მიღებას.

მაქსიმუმ 7 წელში შესყიდული ქონების განვითარებისთვის და ზემოთ აღნიშნული ვალდებულებების შესასრულებლად, შპს ვი არ ვაკე თაუერსმა მინიმუმ 50 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს.

აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონება ფარავს სარეკრეაციო, სატრანსპორტო, საცხოვრებელ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არეალის და სხვა ზონებს.