ზუგდიდში, მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ბიუროსთან, სამოქალაქო აქტივისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და ოპოზიციამ პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
ქვარაია ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც პარლამენტის სხდომაზე რეგისტრაცია გაიარეს, მაგრამ თავად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. აქციის მონაწილეების თქმით, თუკი მას კანონპროექტზე კითხვები ჰქონდა, აქამდე უნდა დაესვა და არა კენჭისყრის წინ.
“თქვენ გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ ზუგდიდში იყო კონსტიტუციის საჯარო განხილვა. ბატონო მერაბი იდგა სცენაზე. მაშინ არც კითხვა, არც პროტესტი ამ საკითხთან დაკავშირებით არ გასჩენია. თუმცა, დღეს ვნახეთ, რომ, თურმე, ჰქონია კითხვები”, – განუცხადა “ლაივპრესს” აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ცაბუნია ვართაგავამ.
შეგახსენებთ, რომ ქვარაია ის მაჟორიტარია, რომელმაც 2017 წელს საკუთარი ქალაქისთვის – ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებასაც უპირობოდ დაუჭირა მხარი.
გაგრძელდება თუ არა ზუგდიდში საპროტესტო აქციები, ამაზე სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივად იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში დღეს ჩავარდა. ცვლილებებს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა. 3 წინააღმდეგი წავიდა. მათგან 37-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა. კანონის მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა.
ჩავარდნილი საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული სისტემით, ბლოკებით და 3%-აინი ბარიერით ჩატარდება.
დღეს განვითარებული მოვლენების გამო პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელსაც მოძრაობის “სირცხვილია” და “შეცვალე” წარმომადგენლები მართავენ. პარალელურად, მასშტაბურ აქციებს აანონსებს ოპოზიციაც. ოპოზიციური პარტიები ამ დროისთვის ლეიბორისტული პარტიის ოფისში არიან შეკრებილები და სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ.
დღესვე პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ის იმედგაცრუებულია, რომ ვერ მოხერხდა ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში 2020 წლის პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
საგანგებო განცხადება გაავრცელეს საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, რომლებიც ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, გაიაზრონ ის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ქვეყანა შევიდა და მიიღონ ყველა პოლიტიკური ზომა მის დასაძლევად, რომლის ერთადერთ და უალტერნატივო გზად პარლამენტის მიერ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივ მიღება წარმოადგენს.
გამოყენებულია ლაივპრესის ფოტო