ვის ვირჩევთ 19 მაისს და რატომ გახდა რიგგარეშე და შუალედური არჩევნების ჩატარება საჭირო?

2025

კვირას, 19 მაისს, საქართველოში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები ტარდება. ამჯერად ამომრჩევლებმა 5 მუნიციპალიტეტის მერი, 8 მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და საქართველოს პარლამენტის წევრი უნდა აირჩიონ.

მერის რიგგარეშე არჩევნები

მერის რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში ჩატარდება – ზუგდიდში, ხულოში, ზესტაფონში, ჭიათურასა და მარნეულში. ამ მუნიციპალიტეტებში მერების ხელახალი არჩევნების საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც 2017 წელს არჩეულმა მერებმა თანამდებობები სხვადასხვა მიზეზით დატოვეს.

ლაშა გოგია

ზუგდიდის მერის თანამდებობა უკვე რვა თვეა, ვაკანტურია. მუნიციპალიტეტის ყოფილმა მერმა, ლაშა გოგიამ თანამდებობა 2018 წლის 12 სექტემბერს დატოვა. ამავე წლის 1 ნოემბერს კი ის, თავის მოადგილესთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების გამო დააკავა. ამ დროისთვის გოგიას სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

ლაშა გოგია ზუგდიდის პირდაპირი წესით არჩეული მერი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გახდა. მან არჩევნებზე ხმების 54.34% დააგროვა.

გიორგი შენგელია, სანდრა რულოვსი

19 მაისს მერის არჩევა ზუგდიდის 120,629  ამომრჩეველს 16 კანდიდატიდან მოუწევს, საიდანაც 3 კანდიდატი საინიციატივო ჯგუფის მიერ არის წარდგენილი, დანარჩენი კანდიდატები კი პოლიტიკურმა გაერთიანებებმა წარადგინეს. ყველაზე დაძაბულ არჩევნებს პოლიტიკური პარტიებიც და დამკვირვებლებიც სწორედ ზუგდიდში ვარაუდობენ, ვინაიდან აქ მმართველი პარტიის – “ქართული ოცნების” კანდიდატს, გიორგი შენგელიას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა ელისაბედ რულოვსი უპირისპირდება.

ზუგდიდის მერობის კანდიდატები არიან: “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” – მამუკა გერმანიშვილი (საარჩევნო N1); “ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” –  გოგიტა ბიგვავა (საარჩევნო N4); “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” – სანდრა ელისაბედ რულოვსი (საარჩევნო N5); “დავით თარხან‐მოურავი, ირმა ინაშვილი ‐ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – შავლეგი თოდუა (საარჩევნო N8); “თავისუფალი საქართველო” – სოფიო კანდელაკი (საარჩევნო N9); “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” – ლიკა ბუკია (საარჩევნო N21); “ახალი ქრისტიან‐დემოკრატები” – დათა გაბეჩავა (საარჩევნო N23); “პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” – ალექსი ნონიაძე (საარჩევნო N27); “თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” – პაატა პირტახია (საარჩევნო N31); “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” – მალხაზ ლეჟავა (საარჩევნო N33); “ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)” – გიორგი ჩიაშვილი (საარჩევნო N38); “ქრისტიან‐კონსერვატორები” – ნანი ხუციძე (საარჩევნო N39); “ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” – გიორგი შენგელია (საარჩევნო N41); საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი დომენტი სიჭინავა (საარჩევნო N42), თენგიზ ჯგუშია (საარჩევნო N43) და დავით თორდია (საარჩევნო N44).

გოჩა მელაძე

ახალ მერს აირჩევს ხულოს 24,093 ამომრჩეველიც. ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირის თანამდებობა აქ ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2018 წლის 18 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის პირდაპირი წესით არჩეულმა მერმა, გოჩა მელაძემ თანამდებობა დატოვა. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მელაძემ “ქართული ოცნებიდან” იყარა კენჭი და 59,58%-ით გაიმარჯვა.

რატომ გადაწყვიტა ხულოს მერმა თანამდებობიდან წასვლა, ამ დრომდე უცნობია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით მას დაპირისპირება აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან იმის გამო ჰქონდა, რომ ის მთავრობის წინა თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის კადრი იყო. თავად რიჟვაძე, ცხადია, დაპირისპირებას უარყოფდა, თუმცა, მელაძის გადადგომის შემდეგ გაკეთებული მოკლე კომენტარი ამ დაპირისპირებას, ფაქტობრივად, ადასტურებს. “რეგიონში პროფესიონალი კადრები თანამდებობებს შეინარჩუნებენ“, – ასე გამოეხმაურა რიჟვაძე მელაძის გადადგომას.

ვახტანგ ბერიძე

საინტერესოა, რომ გოჩა მელაძემ თანამდებობიდან წასვლამდე ახალი მოადგილე დანიშნა –  ხულოს პოლიციის ყოფილი უფროსი ვახტანგ ბერიძე, რომელიც მერის გადადგომისთანავე გახდა მისი მოვალეობის შემსრულებელი, ვინაიდან მელაძესთან ერთად თანამდებობა მისმა პირველმა მოადგილემაც დატოვა. ასე სახელდახელოდ დანიშნული მოადგილე, შემდგომ უკვე მერის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბერიძე დღეს უკვე მერობის ოფიციალური კანდიდატია “ქართული ოცნებიდან”. ყოფილმა მერმა კი გადადგომიდან 1 კვირაში მუშაობა შემოსავლების სამსახურში დაიწყო.

ხულოში მერობისთვის სულ 14 კანდიდატი იბრძვის: “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” – ვახტანგ ბერიძე (საარჩევნო N1); “ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” – იოსებ თავართქილაძე (საარჩევნო N4); “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” – ირაკლი ჯორბენაძე (საარჩევნო N5); “თავისუფალი საქართველო” – საბა ბობოხია (საარჩევნო N9); პოლიტიკური პარტია “საქართველო” – ზურაბ ჯორბენაძე (საარჩევნო N17); “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” – ზურაბ ცინცაძე (საარჩევნო N21); “მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის” – ზურაბ ხიმშიაშვილი (საარჩევნო N24); “პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” – მამუკა ქობულაძე (საარჩევნო N27); “თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” – გია გაბეშია (საარჩევნო N31); “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” – ირაკლი ტუნაძე (საარჩევნო N33); “ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)” – ნუგზარ ფუტკარაძე (საარჩევნო N38); “ქრისტიან‐კონსერვატორები” – ზაურ კომახიძე (საარჩევნო N39) და “ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” – ვახტანგ ბერიძე (საარჩევნო N41). საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი როლანდ აბულაძე (საარჩევნო N43). “ახალი ქრისტიან-დემოკრატების” კანდიდატმა როლანდ აბულაძემ კი კანდიდატურა ოჯახური პირობების გამო 3 მაისს მოხსნა.

კახაბერ მახათაძე

ზესტაფონში მერის ადგილი 2019 წლის 12 თებერვალს მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც 2017 წელს არჩეულმა მერმა, კახაბერ მახათაძემ თანამდებობა დატოვა. მახათაძის წასვლის მიზეზად მისი გუნდის წარმომადგენელმა მმართველ პარტიაში არსებული მდგომარეობა დასახელა. “ოცნების ახალმა გუნდმა გადაწყვიტა, ქვეყანა თავისებურად დაალაგოს. როგორც ვატყობთ, კახაბერის მსგავსი ღირსეული ადამიანები მათს გეგმებში არ შედის. ბატონმა კახაბერმა გადაწყვიტა, რომ დაწეროს განცხადება და წინ მნიშვნელოვანი პროცესები გველის”, – განაცხადა მერიის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა ეკა დუგლაძემ, რომელმაც თანამდებობა მერთან ერთად დატოვა.

ზესტაფონში მახათაძის გადადგომის მოთხოვნით აქციები ხუთი თვის განმავლობაში ტარდებოდა. აქციებს კი ორგანიზებას გიორგი გოგლიჩიძე უწევდა. გოგლიჩიძე და მისი თანამოაზრეები კახაბერ მახათაძეს კორუფციასა და სხვადასხვა კომპანიებში ბიზნესწილების ფლობაში ადანაშაულებდნენ და აცხადებდნენ, რომ  მის წინააღმდეგ გამოძიება შვიდ საქმეზე იყო დაწყებული. შსს-ს ინფორმაციით კი, მახათაძის მიმართ გამოძიება ერთ საქმეზე სისხლის სამართლის 381–ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობდა, რაც სასამართლო გადაწყვეტილებების შეუსრულებლობას ნიშნავს. სხვა საქმეებთან დაკავშირებით კი უწყებაში ინფორმაცია არ ჰქონდათ.

მახათაძის ბიზნესწილებისა და კორუფციული საქმიანობის შესახებ მისი გადადგომის შემდეგ აღარც არავინ საუბრობს და არც სისხლის სამართლის საქმეები უხსენებია ვინმეს. ამიტომაც დღემდე არავინ იცის, იყო თუ არა ნამდვილად კორუფციულ საქმეებში ზესტაფონის ყოფილი მერი გახვეული და, თუ მართლაც იყო, რატომ არ მიმდინარეობს მის მიმართ სამართლებრივი მოქმედებები.

გიორგი გოგლიჩიძე

ყოფილი მერის წინააღმდეგ აქციების ორგანიზატორი გოგლიჩიძე დღეს უკვე “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატია. მანამდე, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ის ზესტაფონის მერად კენჭს დამოუკიდებლად იყრიდა, თუმცა, მან არჩევნებზე მისული 24 432 ამომრჩევლიდან მხოლოდ 2 496 ამომრჩევლის მხარდაჭერა მიიღო.

ჯამში, ზესტაფონში, 19 მაისის რიგგარეშე არჩევნებში 16 კანდიდატი მონაწილეობს, რომლებიდანაც მუნიციპალიტეტის 55 149 ამომრჩეველმა ერთი უნდა აირჩიოს. ესენი არიან: “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” – დავით თხელიძე (საარჩევნო N1); “ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” – კახაბერ კიკნაველიძე (საარჩევნო N4); “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” – ბაქარ ხიჯაკაძე (საარჩევნო N5); “დავით თარხან‐მოურავი, ირმა ინაშვილი ‐ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – ანზორ ნებიერიძე (საარჩევნო N8); “თავისუფალი საქართველო” – გიორგი წულაია (საარჩევნო N9); “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” – ზვიად ბოლოკაძე (საარჩევნო N21); “ახალი ქრისტიან‐დემოკრატები” – გელა სულაქველიძე (საარჩევნო N23); “მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის” – ინგა კელენჯერიძე (საარჩევნო N24); “პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” – კახაბერ მაჩიტიძე (საარჩევნო N27); “თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” – მანუჩარ სართანია (საარჩევნო N31); “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” – ნინა გოცაძე (საარჩევნო N33); “ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)” – პაატა ბაკურაძე (საარჩევნო N38); “ქრისტიან‐კონსერვატორები” – რევაზ სხულუხია (საარჩევნო N39); “ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” – გიორგი გოგლიჩიძე (საარჩევნო N41); საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი ვახტანგ რობაქიძე (საარჩევნო N42); ასევე, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კახაბერ ზარნაძე (საარჩევნო N43).

პაატა ნადირაძე

მერვე თვეა, მერის გარეშეა დარჩენილი ჭიათურის მუნიციპალიტეტიც. ჭიათურის მერმა, პაატა ნადირაძემ თანამდებობა 2018 წლის 27 სექტემბერს დატოვა. გადამდგარი მერებიდან ის ერთადერთია, ვინც წასვლის მიზეზებზე ხმამაღლა ილაპარაკა და თქვა, რომ საქართველოს პარლამენტში ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატის, სულხან მახათაძისა და პოლიციის უფროსის ზეწოლის გამო გადადგა. გადადგომიდან რამდენიმე საათში ნადირაძემ facebook-ის პირად გვერდზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც დაწერა, რომ მაჟორიტარ დეპუტატს, საკრებულოს გარკვეულ წევრებს, პოლიციის უფროსს და ძალოვანი უწყებების სხვა წარმომადგენლებს მისი საქმიანობის გაკონტროლება სურდათ და, რომ ვერ აღწევდნენ, პრობლემებს უქმნიდნენ.

19 მაისს ჭიათურის 42 961 ამომრჩეველს არჩევნის გაკეთება 13 კანდიდატს შორის მოუწევს. კანდიდატებს შორის 2 საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი, 11 კი – პოლიტიკური პარტიების მიერ.

ჭიათურის მერობისთვის იბრძვიან: “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” – ირაკლი დემეტრაძე (საარჩევნო N1); “ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” – თეიმურაზ სამხარაძე (საარჩევნო N4); “თავისუფალი საქართველო” – ტატო ურუშაძე (საარჩევნო N9); “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” – გიორგი ხაჭაპურიძე (საარჩევნო N21); “ახალი ქრისტიან‐დემოკრატები” – მზია სამხარაძე (საარჩევნო N23); “პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” – ანდრო მაღლაკელიძე (საარჩევნო N27); “თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” – ზიტა ადამია (საარჩევნო N31); “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” – ირინა ცერცვაძე (საარჩევნო N33); “ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)” – ალექსანდრე კეზევაძე (საარჩევნო N38); “ქრისტიან‐კონსერვატორები” – მანანა გოგიჩაძე (საარჩევნო N39); “ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” – გივი მოდებაძე (საარჩევნო N41); საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი ზურაბ კუპატაძე (საარჩევნო N42) და ასევე საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დავით ჭუმბურიძე (საარჩევნო N43).

თემურ აბაზოვი

ყველაზე დიდი სკანდალით თანამდებობიდან მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი წავიდა. აბაზოვი მარნეულში მოქალაქის, ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა. 2018 წლის 13 დეკემბერს კი  გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აბაზოვს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უფლებამოსილება მისივე განცხადების საფუძველზე 3 თვის წინ შეუწყდა. ჯერჯერობით, მის მიმართ სასამართლოს განაჩენი არ გამოუტანია.

19 მაისს მარნეულის 99 456 ამომრჩეველმა არჩევანი 15 კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. ესენი არიან: “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” – ელენე გაბინაშვილი (საარჩევნო N1); “ევროპული საქართველო ‐ მოძრაობა თავისუფლებისთვის” – აკმამედ იმამკულიევი (საარჩევნო N2); “ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” – ბექა სვანიძე (საარჩევნო N4); “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” – აგილ მუსტაფაევი (საარჩევნო N5); “თავისუფალი საქართველო” – ნინო ჯურხაძე (საარჩევნო N9); “საქართველო” – ლეილა ხარაიშვილი (საარჩევნო N17); “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” – ირენა სტურუა (საარჩევნო N21); “ახალი ქრისტიან‐დემოკრატები” – ლისა სიხარულიძე (საარჩევნო N23); “პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” – ნინიკო ჩხეტია (საარჩევნო N27); “თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” – მალხაზ გორგასლიძე (საარჩევნო N31); “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” – ელისო ქართველიშვილი (საარჩევნო N33); “ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)” – ჯანო ჟვანია (საარჩევნო N38); “ქრისტიან‐კონსერვატორები” – ილია პატარაია (საარჩევნო N39); “ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” – ზაურ დარგალი (საარჩევნო N41) და საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი ალი ბადიროვი (საარჩევნო N42).

საკრებულოს წევრთა შუალედური არჩევნები

გარდა მერის რიგგარეშე არჩევნებისა, 19 მაისს რამდენიმე მუნიციპალიტეტში საკრებულოს წევრთა შუალედური არჩევნებიც გაიმართება. ამის საჭიროება სხვადასხვა მიზეზით დადგა, მათმა ნაწილმა საკრებულოს წევრობაზე უარი თქვა, ნაწილი დააკავეს, ნაწილი კი გარდაიცვალა.

საკრებულოს წევრთა შუალედური არჩევნები, რიგგარეშე არჩევნებისგან განსხვავებით, მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით არ ტარდება. მას მხოლოდ ის ამომრჩევლები ირჩევენ, რომელთა მაჟორიტარების ვაკანტური ადგილებიც გაჩნდა ამა თუ იმ საკრებულოში.

19 მაისს ამომრჩევლები საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეს აირჩევენ საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში. 

საგარეჯოს მესამე მაჟორიტარულ ოლქში ერთმანეთს 12 კანდიდატი უპირისპირდება; ახმეტაში მეოთხე მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს წევრობისთვის 11 კანდიდატი იბრძვის; ადიგენის მეორე მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს წევრობა 9 კანდიდატს სურს; ზესტაფონის მეცამეტე მაჟორიტარულ ოლქში ერთმანეთს 8 კანდიდატი უპირისპირდება; ჭიათურაში საკრებულოს მაჟორიტარობისთვის პირველი ოლქის მეორე ქვეოლქში 7 კანდიდატი იბრძვის; ტყიბულის პირველი მაჟორიტარული ოლქის მესამე ქვეოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის 13 მსურველია; წყალტუბოში, მეოთხე მაჟორიტარულ ოლქში, 12 კანდიდატია წარდგენილი, ხოლო ოზურგეთის პირველი მაჟორიტარული ოლქის მესამე ქვეოლქში რეგისტრირებული 13 კანდიდატია.

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები 

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში იმართება. ამის მიზეზი ის გახდა, რომ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოს პრეზიდენტი გახდა.

19 მაისის შუალედურ არჩევნებში მთაწმინდაზე 20 კანდიდატია რეგისტრირებული, მათ შორის, მმართველი პარტიიდან ექიმი ლადო კახაძე (საარჩევნო N41), ხოლო ევროპული საქართველოსა და თავისუფალ დემოკრატებს ადვოკატი შალვა შავგულიძე (საარჩევნო N13) ჰყავთ წარდგენილი.

მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში 6 დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს. მათ შორის არიან ადვოკატი ლევან იოსელიანი (საარჩევნო N42), რომელიც შუალედურ არჩევნებში ალექსანდრე ელისაშვილმა და მისმა გუნდმა წარადგინა, ყოფილი პარლამენტარი კობა დავითაშვილი (საარჩევნო N43), უფლებადამცველი სოფიო ხორგუანი (საარჩევნო N44), ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია (საარჩევნო N45), იოსებ კობერიძე (საარჩევნო N46) და თამარ ალფაიძე ((საარჩევნო N47) მთაწმინდის მაჟორიტარი კანდიდატების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე).

ზუგდიდთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული არჩევნები სწორედ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქშია ნავარაუდები.

არჩევნებამდე 6 დღეა დარჩენილი. სწორედ 6 დღეში გვეცოდინება, ვინ გახდებიან 5 მუნიციპალიტეტის ახალი მერები, 8 მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში.