როგორც ცნობილია, ხულოს მერი გოჩა მელაძე თანამდებობიდან გადადგა. თანამდებობა დატოვა მისმა პირველმა მოადგილემ, ლაშა ბოლქვაძემაც, რომელსაც შემცვლელი გადადგომისთანავე მოუნახეს – ხულოს პოლიციის უფროსი ვახტანგ ბერიძე. სწორედ ბერიძე შეასრულებს მერის მოვალეობას მერის რიგგარეშე არჩევნებამდე, რომელიც, კანონმდებლობის თანახმად, სავარაუდოდ, მაისში გაიმართება. მისი ამ თანამდებობაზე სასწრაფოდ დანიშვნა, როგორც ჩანს, მერის გადადგომას უკავშირდება იმისათვის, რომ სწორედ მას შეესრულებინა მერის მოვალეობა.
ვახტანგ ბერიძე, მერის პირველ მოადგილედ დანიშვნამდე, ხულოს პოლიციის სამმართველოს უფროსი იყო. ის ამ თანამდებობაზე სამი თვის წინ დაინიშნა. ბერიძე წლების წინ ამავე უწყების ხელმძღვანელი იყო. ივლისამდე კი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
გახდება თუ არა მომავალში ბერიძე ხულოს მერობის კანდიდატი, ამას შუალედური არჩევნების დანიშვნის შემდეგ გავიგებთ.
გოჩა მელაძე უკვე მესამე პირდაპირი წესით არჩეული მერია, რომელმაც თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ის ერთ-ერთი იყო, ვისი გადადგომის შესახებაც ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, მაშინ, როდესაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე თორნიკე რიჟვაძემ ჩაანაცვლა. აღსანიშნავია, რომ გოჩა მელაძე პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის უფროსიც იყო.
როგორც ცნობილია, ამ დრომდე თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე კიდევ ორმა მერმა დატოვა – 27 სექტემბერს ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ, მანამდე, 12 სექტემბერს კი ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ. მასთან ერთად პოსტიდან წავიდა გოგიას პირველი მოადგილეც. როგორც გაირკვა, ზუგდიდის ყოფილი მერის მონაწილეობით, სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს. რაც შეეხება ჭიათურის მერს, მისი გადადგომა ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატ სულხან მახათაძესთან და პოლიციის უფროსთან კონფლიქტს უკავშირდება.
გამოყენებულია აჭარის ტელევიზიის ფოტო