“ქართულმა ოცნებამ” მერის ვადამდელი არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატები წარადგინა. ზუგდიდის მერის პოსტზე მმართველი პარტიიდან კენჭს გიორგი შენგელია იყრის. ის ამ დრომდე ზუგდიდის მერის პირველ მოადგილედ მუშაობდა.
მარნეულის მერობის კანდიდატია ზაურ დარგალი. ის ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეა.
ზესტაფონის მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძეა. ის აქტიურად უპირისპირდებოდა წინა მერს, კახაბერ მახათაძეს, რომელიც ცოტა ხნის წინ გადადგა.
ჭიათურაში გივი მოდებაძე იყრის კენჭს.
ხულოში მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე იქნება. ის ამ დრომდე მერის მოვალეობას ასრულებდა. მანამდე ის პოლიციის უფროსის პოსტს იკავებდა.
ქართულმა ოცნებამ, ასევე წარადგინა მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. მმართველი პარტიიდან აქ კენჭს ექიმი ლადო კახაძე იყრის.
“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატები ცოტა ხნის წინ პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე წარადგინა.
როგორც ცნობილია, მერების რიგგარეშე არჩევნები 5 საარჩევნო ოლქში 19 მაისს გაიმართება. მოსახლეობამ ხულოს, ზუგდიდის, ჭიათურის, ზესტაფონისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების მერები ხელახლა უნდა აირჩიოს.
ზუგდიდის მერი, ვიცე-მერთან ერთად, თანამდებობიდან 12 სექტემბერს გადადგა. ორი თვის შემდეგ კი ის და მისი ყოფილი მოადგილე დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დააკავეს. სასამართლოს ჯერჯერობით მათ მიმართ განაჩენი არ გამოუტანია.
ჭიათურის მერი თანამდებობიდან 2018 წლის 27 სექტემბერს საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა. გადადგომის მიზეზად კი ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატთან და პოლიციის უფროსთან კონფლიქტი დაასახელა. ნადირაძემ განაცხადა, რომ ისინი მას პროვოკაციებს უწყობდნენ.
ხულოს მერი თანამდებობიდან 2018 წლის 18 ოქტომბერს გადადგა, ხოლო ზესტაფონის მერი – 2019 წლის 2 თებერვალს. ორივე მათგანმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
რაც შეეხება მარნეულის მერს, ის პროკურატურამ 2018 წლის 13 ივნისს მოქალაქის – ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დააკავა. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა. 13 დეკემბერს კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 2019 წლის 13 თებერვალს აბაზოვს მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მისივე განცხადების საფუძველზე, უფლებამოსილება შეუწყვიტა.