ბორჯომში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ფარგლებში გამართული შეხვედრა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
„კონსულტაციების მიმდინარეობის დროს ზაზა გაბუნიამ კვლავ დაიწყო საუბარი ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე. მან ფაქტობრივად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა იმაში, რომ მათი სახელმწიფო მოხელეები დემოკრატიული პროცედურის დარღვევით და ძალადობით ცდილობენ აიძულონ საკრებულო, რომ გაიზარდონ ხელფასები. ეს ისეთი აბსურდული მდგომარეობაა, რომ კონსულტაციებში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავ. არ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ იმაში, რომ ხელისუფლებამ გაწელოს დრო, რეალურად არავითარი ზომები არ მიიღოს. ძალადობის ინსპირაცია სწორედ „ქართული ოცნების“ მხრიდან მოდის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საპარლამენტო უმცირესობის შეთავაზების საფუძველზე პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში დახურული შეხვედრა გაიმართა, უმცირესობის წინადადებაა ბორჯომში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კომიტეტმა სპეციალური განცხადება მიიღოს.
საპარლამენტო ოპოზიციამ ბორჯომში მიმდინარე პროცესებზე მსჯელობა გუშინ თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე მოითხოვა, თუმცა სხდომა ცხარე კამათისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა.
1 მარტს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციის დამატებითი რაზმები იყვნენ მობილიზებული. საკრებულოს ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა. ვითარება ბორჯომში 28 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გართულდა. სახელისუფლო პარტიას, ოპოზიციასა და მერიის თანამშრომლებს შორის რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. დაპირისპირების მიზეზი მერიის თანამდებობის პირებისა და მოხელეების თანამდებობრივი სარგოებია, რომელსაც საკრებულო არ ამტკიცებს. ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს და “ქართული ოცნება” უმცირესობაშია, ხოლო მუნიციპალიტეტის მერი “ქართული ოცნების” წევრია.