ოპოზიცია თვითმმართველობის კომიტეტზე ბორჯომის საკრებულოში შექმნილ ვითარებაზე მსჯელობას ითხოვს

673

წინა სტატია

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ბორჯომის საკრებულოში შექმნილ ვითარებაზე მსჯელობას მოითხოვენ. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

ელენე ხოშტარიას თქმით, „ქართული ოცნება” ბორჯომის საკრებულოს საბოტაჟს უწყობს და უმჯობესია,  კომიტეტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითება მისცეს, რომ ბორჯომის საკრებულოში წესრიგი უზრუნველყოს.

მისი თქმით, საკრებულოს წევრებს შენობაში არ უშვებენ.

„ერთმანეთს აზრებით შევეჯიბროთ და არა მუშტებით. არ შეიძლება, პარლამენტის წევრს ვინმე მუშტს უქნევდეს. შსს-ს თანამშრომლები „ქართული ოცნების“ მონები არ უნდა გახდნენ. ეს მარაზმი უნდა დასრულდეს, რადგან მუშტების ქნევა საშიშია“, – განაცხადა ხოშტარიამ.

ოპოზიციას კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ შესთავაზა, საკითხზე საქმიანი დღის წესრიგით და რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატით იმსჯელონ.

დღეს დილიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციის დამატებითი რაზმებია მობილიზებული. ვითარება აქ გუშინ, 28 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გართულდა. სახელისუფლო პარტიას, ოპოზიციასა და მერიის თანამშრომლებს შორის რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. დაპირისპირების მიზეზი მერიის თანამდებობის პირებისა და მოხელეების თანამდებობრივი სარგოებია, რომელსაც საკრებულო არ ამტკიცებს. ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს და “ქართული ოცნება” უმცირესობაშია, ხოლო მუნიციპალიტეტის მერი “ქართული ოცნების” წევრია.