“შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. უსუფაშვილი ბორჯომში შექმნილ ვითარებას სახიფათოს უწოდებს და დასძენს, რომ ასეთი პრობლემა სამართალდამცველებითა და სპეცრაზმით არ გვარდება.
“ბორჯომის მუნიციპალიტეტში განვითარებული მოვლენები არის სახიფათო. ასეთი პოლიტიკური პრობლემები სპეცრაზმითა და პოლიციის მეშვეობით არ გვარდება. ხელისუფლებამ და პოლიტიკურმა ლიდერებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს თვითმმართველობის იდეა არ დავაგმობინოთ და თუ ასე გაგრძელდა საქმე მოქალაქეები იტყვიან, რომ აღარ გვინდა არჩეული მერი და არჩეული საკრებულო და ჯობია რაიკომის მდივანი დავინიშნოთ. ჩვენ მივმართავთ ყველას, რომ თითოეული საკითხი სერიოზული მსჯელობის საგანი იყოს. სამწუხაროა, რომ ერთპარტიული, მონოლითური მმართველობის მენტალიტეტს ვერ დააღწია თავი ვერც ერთმა ხელისუფლებამ დღემდე. ახლა რას უნდა ველოდოთ თიანეთსა და ოზურგეთში? იმპიჩმენტებს? იქ სადაც მერები შესაძლოა არ მოსწონს უმრავლესობას? თუ უნდა გადავდგათ ნაბიჯები მართლა თანამშრომლობისკენ”,- თქვა დავით უსუფაშვილმა.
1 მარტს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციის დამატებითი რაზმები იყვნენ მობილიზებული. საკრებულოს ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა. ვითარება ბორჯომში 28 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გართულდა. სახელისუფლო პარტიას, ოპოზიციასა და მერიის თანამშრომლებს შორის რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. დაპირისპირების მიზეზი მერიის თანამდებობის პირებისა და მოხელეების თანამდებობრივი სარგოებია, რომელსაც საკრებულო არ ამტკიცებს. ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს და “ქართული ოცნება” უმცირესობაშია, ხოლო მუნიციპალიტეტის მერი “ქართული ოცნების” წევრია.