ადიგენის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ დაკავებული თანამდებობა და პარტია დატოვა

497

წინა სტატია

„თუ უკრაინას კანდიდატის სტატუსი უკრაინელი ხალხის სისხლის ფასად მიენიჭა, ქართველებს მხოლოდ რუსეთთან ომში სამჯერ გვაქვს სისხლი დაღვრილი, თანაც ისე, რომ ფაქტიურად ყოველ ჯერზე მარტო აღმოვჩნდით ჩვენი მტრის წინაშე“- ამის შესახებ ადიგენის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი წერს, რომელმაც დაკავებული თანამდებობა დატოვა.

როგორც იმედა მღებრიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, იმისთვის, რომ ისაუბროს უფრო ღიად და დაიცვას მშვიდობა, სტაბილურობა და ამ ქვეყნის ევროპული მომავალი ტოვებს ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს და პარტია „ქართულ ოცნებას“.

მისივე თქმით საჭიროა თავისუფლად საუბარი ყველაფერზე რაც ხდება და საზოგადოებამ უნდა მიიღოს იმ კითხვებზე პასუხები რომელიც არსებობს.

„ყველას კარგად გვახსოვს აგვისტოს ომი, რომლის იარები (ფიზიკური თუ სულიერი) არაერთ ადამიანს მოყვება და ძალიან ბევრი ჩვენგანი დღესაც ცდილობს ბევრი რამის დავიწყებას. ადამიანები, რომელთა უცოდინრობამ თუ დანაშაულებრივმა ქმედებებმა ჩვენ ქვეყანას ვერ აარიდა ომი, დღეს კიდევ უფრო დიდი მონდომებით ცდილობენ რამენაირად გახვიონ უბედურებაში ჩვენი ქვეყანა.

თუ უკრაინას კანდიდატის სტატუსი უკრაინელი ხალხის სისხლის ფასად მიენიჭა (რაც არაერთი ევროპელი პოლიტიკოსისგან მოგვისმენია), ჩვენ ქართველებს მხოლოდ რუსეთთან ომში სამჯერ გვაქვს სისხლი დაღვრილი, თანაც ისე, რომ ფაქტიურად ყოველ ჯერზე მარტო აღმოვჩნდით ჩვენი მტრის წინაშე.

ნუთუ არაა საკმარისი ამდენი დაკარგული სიცოცხლე, დაკარგული სახლები და ათასობით გაუბედურებული ოჯახი, ნუთუ ამისთვის იბრძოდა ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთ მძიმე ვითარებაში დახმარების ხელის გამოწვდის სანაცვლოდ ასეთი უსამართლო დამოკიდებულება მიგვეღო ჩვენი ზოგიერთი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლისგან. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება არ გესმოდეს იმ უბედურების მასშტაბი რაც ხდება უკრაინაში და ხდებოდა ჩვენთან 2008-ში, როგორც ჩანს ევროპაში მყოფთაგან ზოგიერთისთვის ეს ყველაფერი სხვანაირად ჩანს, რაც ჩემში იმედგაცრუებას იწვევს.

ჩვენ უკან დასახევი ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და მშვიდობის დასაცავად არაფერი გვაქვს. საჭიროა თავისუფლად საუბარი ყველაფერზე რაც ხდება, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს იმ კითხვებზე პასუხები რომელიც არსებობს, სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ მმართველ გუნდს უხერხულობა არ შევუქმნა მე ვტოვებ ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს და პარტია „ქართულ ოცნებას“, ვაპირებ შევუერთდე იმ ადამიანებს ვინც მზადაა ისაუბროს უფრო ღიად და დაიცვას მშვიდობა, სტაბილურობა ამ ქვეყანაში და ამ ქვეყნის ევროპული მომავალი“,- წერს იმედა მღებრიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნებისა და დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გაავრცელა ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღამბაშიძემაც. თანამდებობა და პარტია დატოვა ჭიათურის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკოლოზ სამხარაძემაც. იმავე შინაარსის განცხადება გაავრცელა თერჯოლის საკრებულოში ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ომარ ჯიხვაშვილმაც. ასევე, პარტია და ახალციხის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დეპუტატმა საბა კბილაშვილმა დატოვა.  გარდა ამისა, მმართველი პარტია დატოვა გორის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, მიხეილ გოგინაშვილმა. პარტია და დაკავებული თანამდებობა დატოვა ასპინძაში “ოცნების“ საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ გია ჭელიშვილმა, ასევე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარემ ლევან კოჭლოშვილმაც.

8 ივლისს მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს მიმართა და მოუწოდა, რომ ამერიკის “იმიჯის დასაცავად” ნაციონალური მოძრაობის “პროვოკაციებსა” და “ტექნიკური მთავრობის მოთხოვნებს” საჯაროდ გაემიჯნოს. დეგნანის შეფასებით, ყაველაშვილის განცხადება “სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით”.

9 ივლისს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუსას მიხეილ ყაველაშვილმა კელი დეგნანს დიპლომატია დაუწუნა და თქვა, რომ ამერიკა საქართველოში მათ აფინანსებს, ვისაც მმართველობიდან ქართული ოცნების ხელისუფლების ჩამოშორება სურთ.

სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ქართული ოცნება 28 ივნისს დატოვეს. ისინი ამტკიცებენ, რომ საზოგადოებას თანდათანობით მიაწვდიან ინფორმაციას იმ მოვლენების შესახებ, “რომლებიც ქართული პოლიტიკის კულისებში ვითარდება”. დეპუტატების ცნობით, მათი მთავარი მიზანი იმ გეგმის აღსრულების პრევენციაა, “რომელმაც საქართველო არეულობამდე, ომამდე და რუსულ სამხედრო ოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს”. თუმცა, მათივე თქმით, “საზოგადოების სიმართლით აღჭურვისთვის” გარკვეულ თემებზე საჯაროდ საუბარი ქართულ ოცნებას უხერხულობას შეუქმნის, ამიტომ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.