გუნდიდან გასვლით უფრო დავეხმარები ჩემს ქვეყანას – ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ პარტია დატოვა

379

შემდეგი სტატია

ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღამბაშიძემ თანამდებობა დატოვა და „ქართული ოცნებიდან“ წავიდა. მისი თქმით, სურს საზოგადოებას თამამად ესაუბროს იმის შესახებ, თუ რა ვითარებაა დღეს საქართველოში, რისი თქმის საშუალებაც არ აქვს მმართველ პარტიას პარტნიორებთან ურთიერთობების გამო. ღამბაშიძე საკრებულოს წევრად რჩება.

„მეგობრებო, რამდენიმე დღის ნაფიქრი გადაწყვეტილების შესახებ მინდა გითხრათ: ჩემი„ ქართული ოცნება“ ერთიანი, თავისუფალი და ამაყი, ევროპული ოჯახის წევრი საქართველოა, რომელსაც არ ეყოლება მითითების და დირექტივის გარედან მიმცემი, რომელსაც არ ეყოლება მჩაგვრელი, – დაბრუნებული ექნება ოკუპირებული ტერიტორიები, ქვეყანა, სადაც დამოუკიდებლად მიიღებენ გადაწყვეტილებებს, ქვეყანა, რომელსაც ეყოლება მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები შტატებიდან დაწყებული, დამთავრებული დასავლური სამყაროს ყველაზე პატარა სახელმწიფოთი.

ამ ჩემს „ქართულ ოცნებაში“ არ ჯდება, რომ მთავარი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი ამ ქვეყანაში, მისთვის განკუთვნილ წერილს ბოლომდეც კი არ კითხულობს, ისე აყენებს მძიმე შეურაცხყოფას საქართველოს პარლამენტის წევრს მიშა ყაველაშვილს. პირადად ჩემთვის ეს საგანგაშო ამბავი და წითელი ხაზია. რატომ? მაგალითად, საქართველოს ელჩმა ამერიკაში მსგავსი რამ რომ თქვას კონგრესმენზე ან სენატორზე, არ გახდება ის ელჩი გამოსაწვევი? და პირიქით – აქ არაფერი არ მომხდარა?

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო აღარასდროს დაბრუნდება საბჭოთა, რუსულ წარსულში და არასდროს შეეგუება, სიტუაციას, სადაც ცეკას მდივნები თუ ინსტრუქტორები, რუსეთიდან იძლეოდნენ დავალებებს. ოკუპაციის და ათასი უბედურების, ორასწლიანი ჩაგვრის გარდა, ამ დირექტივების გამოც არ უყვართ რუსეთი ამ ქვეყანაში.

ასეთ დამოკიდებულებას ვერც სხვისგან, თუნდაც მეგობრისგანაც ვერ მივიღებთ…!!!

ამიტომ, ბევრი ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, მეც გამოვეყო ჩემს, „ქართული ოცნების“ გუნდს, სადაც გულს და სულს ვტოვებ და ხვალიდან უფრო თავისუფლად ვილაპარაკო მსგავს თემებზე. ალბათ ყველა ხვდება, რომ ამ გადაწყვეტილების გარეშე ჩვენს გუნდს სერიოზულ უხერხულობას შევუქმნიდი, თუნდაც ამ განცხადებით.

რაც მიხეილ ყაველაშვილმა დაწერა, ხალხს აწუხებს ეს კითხვები! ამიტომ, მეც მივმართავ ქალბატონ ელჩს, დაასახელოს თუნდაც ერთი ტყუილი, რაც პარლამენტის წევრის წერილში იყო მითითებული და პასუხი გასცეს დასმულ კითხვებს. მისი დამოკიდებულება ნამდვილად აზიანებს საქართველოს და ამერიკის ამდენი წლის ნაშენებ მეგობრობას და ურთიერთობას, რაც არც ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის კარგი არ არის!

თუ კი ვინმეს, მუნიციპალიტეტებიდან, სურვილი აქვს შემომიერთდეს – მოხარული ვიქნები, თუმცა, ისეც არ უნდა ვქნათ, რომ რომელიმე მუნიციპალიტეტში ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა დაკარგოს, ამით მხოლოდ ქვეყნის მტრების – „ნაცების“ საქმის გაკეთება გამოგვივა. და ბოლოს, ნამდვილად მჯერა, რომ გუნდიდან გასვლით უფრო დავეხმარები ჩემს ქვეყანას, ჩვენს შვილებს და თუნდაც იმავე ქართული ოცნების გუნდს, რომლის წინააღმდეგ ნამდვილად არ ვაპირებ წასვლას. უბრალოდ, ფრაქციიდან გასული პარლამენტარების მსგავსად, მეც ვფიქრობ, რომ ხალხს უფრო ღია ტექსტებით და მეტი სიმართლე უნდა ველაპარაკოთ!“ – წერს ღამბაშიძე.