სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ პარტია დატოვეს

727

“ქართული ოცნების” რამდენიმე ლიდერმა და პარლამენტის წევრებმა – სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ პარტია დატოვეს. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამივე მათგანი, გარდა პარტიის დატოვებისა, ტოვებს საპარლამენტო ფრაქციას და თანამდებობებსაც, თუმცა, პარლამენტის წევრებად რჩებიან.

“ამის მიზეზი გახდა ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხი დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე, რასთან დაკავშირებითაც პარტიაში წინა დღეებშიც მიდიოდა დისკუსია – დოზირება ინფორმაციისა, რაც პოლიტიკურ თემებთან მიმართებით ხდება ქვეყანაში და ჩვენს გუნდში, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი დასკვნები გააკეთოს. მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს. ამასთან დაკავშირებით იყო კამათი, დისკუსია და მათ გადაწყვიტეს, რომ ამის გახმოვანებისათვის მათ სჭირდებათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი და გუნდის შიგნით შესაძლებელია გარკვეული უხერხულობები შექმნან ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს. გუნდი, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერდა, თუმცა, მათი გადაწყვეტილება, როგორც დღეს უკვე დისკუსიაში ჩვენთან ჩანდა, იყო საბოლოო და უმრავლესობაზეც იგივე პოზიცია დააფიქსირეს. კიდევ ერთხელ, ყოველგვარი ინტერპრეტაციისგან რომ დავცალოთ ეს გადაწყვეტილება, მათ მიაჩნიათ, მათი აზრით და მათ ეს დააფიქსირეს, რომ დოზირება ინფორმაციისა, რაც გარეთ უნდა გამოვიდეს, საჯარო გახდეს, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საზოგადოებამ სწორი დასკვნები გააკეთოს და სწორედ ეს იყო შეუთანხმებლობის ერთადერთი მიზეზი”, – განაცხადა მდინარაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ამ სამმა ადამიანმა გაავრცელოს პარტიის კულისების შესახებ ინფორმაცია, მდინარაძე ამბობს, რომ არ იცის.

ცნობისთვის, სოზარ სუბარი “რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის” კომიტეტის თავმჯდომარე იყო, დიმიტრი ხუნდაძე – “ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა” კომიტეტის, ხოლო, მიხეილ ყაველაშვილი – “სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა” კომიტეტის თავმჯდომარე.