თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარემ თანმდებობდა და პარტია “ქართული ოცნება” დატოვა

328

წინა სტატია

შემდეგი სტატია

“ქართული ოცნების” წევრმა ლევან კოჭლოშვილმა პარტია და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. მან განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

” ჩვენთვის საყვარელი მეფე ერეკლეს მსგავსად დარმწუნებული ვარ, თითოეული ჩვენი სახელოვანი წინაპარის ოცნება მშვიდობიანი, ერთიანი, ქრისტიანული და ევროპული საქართველო იყო, რომელიც ძლიერ ქართულ ფესვებზე უნდა ყოფილიყო დაშენებული. ჩვენს მეფეებს ჯეროდათ და სწამდათ, რომ ჩვენი მტრებისგან განსხვავებით ევროპა იყო ის ადგილი, სადაც საქართველო დაიმკვიდრებდა ადგილს საკუთარი ისტორიით, კულტურითა და მრავალგანსაცდელ გამოვლილი რწმენით.

მე არ მჯერა იმ ევროპის, რომელიც მხარს უჭერს და მფარველობს ნაციონალურ მოძრაობას, ძალას რომელიც წლების განმავლობაში გვკლავდა და გვაწამებდა. მე არ მჯერა იმ ევროპის, რომელიც აფინანსებს იმ ორგანიზაციებს, რომელიც წლების განმავლობაში ებრძვის ყოველივე ქართულს.

მე მჯერა ევროპის, რომელზეც ოცნებობდნენ ჩემი წინაპრები, მე მჯერა ჩემი ქვეყნის და ისტორიის, მე მჯერა ჩვენი რწმენის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქართველი კაცის განნუყოფელი ნაწილი იყო.

ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ნანატრი მშვიდობა, რომელმაც ბოლო ათი წლის განმავლობაში დაისადგურა ჩვენ ქვეყანაში, საფრთხის წინაშე არ დადგეს. იმისთვის, რომ ჩვენ ეს მოვახერხოთ საჭიროა სიმართლის ლაპარაკი, მოურიდებლად, პირდაპირ. სწორედ ამიტომ იმისთვის, რომ მე შევძლო თავისუფლად საუბარი და მოქმედება, გადავწყვიტე დავტოვო დაკავებული თანამდებობა და შევუერთდე იმ ადამიანების რიგებს ვინც აპირებს იბრძოლოს სიმართლისთვის, დაეხმაროს საკუთარ ქვეყანას ასეთ რთულ მომენტში და ხელი შეუშალოს ყველა მცდელობას რომელმაც შეიძლება საქართველო ომამდე მიიყვანოს”, – წერს კოჭლშვილი.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნებისა და დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გაავრცელა ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღამბაშიძემაც. თანამდებობა და პარტია დატოვა ჭიათურის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკოლოზ სამხარაძემაც. იმავე შინაარსის განცხადება გაავრცელა თერჯოლის საკრებულოში ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ომარ ჯიხვაშვილმაც. ასევე, პარტია და ახალციხის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დეპუტატმა საბა კბილაშვილმა დატოვა.  გარდა ამისა, მმართველი პარტია დატოვა გორის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, მიხეილ გოგინაშვილმა. პარტია და დაკავებული თანამდებობა დატოვა ასპინძაში “ოცნების“ საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ გია ჭელიშვილმაც.

8 ივლისს მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს მიმართა და მოუწოდა, რომ ამერიკის “იმიჯის დასაცავად” ნაციონალური მოძრაობის “პროვოკაციებსა” და “ტექნიკური მთავრობის მოთხოვნებს” საჯაროდ გაემიჯნოს. დეგნანის შეფასებით, ყაველაშვილის განცხადება “სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით”.

9 ივლისს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუსას მიხეილ ყაველაშვილმა კელი დეგნანს დიპლომატია დაუწუნა და თქვა, რომ ამერიკა საქართველოში მათ აფინანსებს, ვისაც მმართველობიდან ქართული ოცნების ხელისუფლების ჩამოშორება სურთ.

სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ქართული ოცნება 28 ივნისს დატოვეს. ისინი ამტკიცებენ, რომ საზოგადოებას თანდათანობით მიაწვდიან ინფორმაციას იმ მოვლენების შესახებ, “რომლებიც ქართული პოლიტიკის კულისებში ვითარდება”. დეპუტატების ცნობით, მათი მთავარი მიზანი იმ გეგმის აღსრულების პრევენციაა, “რომელმაც საქართველო არეულობამდე, ომამდე და რუსულ სამხედრო ოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს”. თუმცა, მათივე თქმით, “საზოგადოების სიმართლით აღჭურვისთვის” გარკვეულ თემებზე საჯაროდ საუბარი ქართულ ოცნებას უხერხულობას შეუქმნის, ამიტომ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.