“ვიღაცამ თავის თავზე უნდა აიღოს სიმართლის თქმა” – ოცნებას ახალციხის საკრებულოს წევრიც ტოვებს

394

წინა სტატია

შემდეგი სტატია

მიხეილ ყაველაშვილის, სოზარ სუბარისა, დიმიტრი ხუნდაძის მხარდასაჭერად პარტია და ახალციხის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დეპუტატმა საბა კბილაშვილმაც დატოვა. ჭიათურის, ლაგოდეხისა და თერჯოლის საკრებულოების დეპუტატების მსგავსად, კბილაშვილიც გავრცელებულ განცხადებაში საქართველოში აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს აკრიტიკებს.

“ვიცი, რა დღეშიც არიან ჩვენი პარტიის ლიდერები, როგორ იბრძვიან ამ ქვეყნისთვის, რას უძლებენ და რა სირთულეები აქვთ იმის მიღმა, რაც ტელევიზორში ჩანს. რუსეთისკენ გამხედავი ეგ ხალხი, ჩვენი გუნდი და ჩვენი ქვეყანა თავის ცხოვრებაში არ არის (თუ ნაცები არ დაბრუნდნენ და გინებ-გინებით ისევ რუსების საქმე არ აკეთეს) და დასავლეთიდან თუ ისეთი დამოკიდებულება იქნა, რაც ელჩის მხრიდან ყაველაშვილის მისამართით ვნახეთ, ალბათ ხვდებით სირთულის მასშტაბს.

ფაქტი ერთია, ასეთი დამოუკიდებელი ჩემი ქვეყანა არასდროს ყოფილა და არ მინდა ამისთვის დაისაჯოს!!! ქართველებმა ზუსტად ვიცით ვინ არის მტერი, ოკუპანტი და ვინ მოყვარე, მაგრამ მოყვრობაში თავმოყვარეობაზე უარის თქმა და სულში ხელების ფათური არავინ უნდა მოგვთხოვოს. ეს სათქმელია და ამისი თქმა მარტივი არ არის. არც ჩემგან გამოდის თუ ამ გუნდში დავრჩი. ამიტომ, ვუერთდები ჩემი პატივცემული კოლეგის მოწოდებას და ვტოვებ თანამდებობასაც და პარტიასაც. ეს არ არის არც მარტივი, მაგრამ არც ემოციური გადაწყვეტილება. ვიღაცამ თავის თავზე უნდა აიღოს უმარტივესი, მაგრამ რთულად სათქმელი სიმართლის თქმა, როგორც ეს სამმა პარლამენტარმა გააკეთა. რასაც ვხვდები, ვინც პირველად ეს ძალიან სწორი ნაბიჯი გადადგა, ღმერთმა არ ქნას, რომ მათ რაც იციან, ყველაფრის თქმა დასჭირდეთ. თუ მაინც საჭირო გახდა, მეც მათ გვერდით ვიქნები!” – წერს საბა კბილაშვილი.

11 ივლისს ქართული ოცნებისა და დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გაავრცელა ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღამბაშიძემაც. თანამდებობა და პარტია დატოვა ჭიათურის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკოლოზ სამხარაძემაც. იმავე შინაარსის განცხადება გაავრცელა თერჯოლის საკრებულოში ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ომარ ჯიხვაშვილმაც.

8 ივლისს მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს მიმართა და მოუწოდა, რომ ამერიკის “იმიჯის დასაცავად” ნაციონალური მოძრაობის “პროვოკაციებსა” და “ტექნიკური მთავრობის მოთხოვნებს” საჯაროდ გაემიჯნოს. დეგნანის შეფასებით, ყაველაშვილის განცხადება “სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით”.

9 ივლისს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუსას მიხეილ ყაველაშვილმა კელი დეგნანს დიპლომატია დაუწუნა და თქვა, რომ ამერიკა საქართველოში მათ აფინანსებს, ვისაც მმართველობიდან ქართული ოცნების ხელისუფლების ჩამოშორება სურთ.

ივანიშვილის დეპუტატებმა – სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ქართული ოცნება 28 ივნისს დატოვეს. ისინი ამტკიცებენ, რომ საზოგადოებას თანდათანობით მიაწვდიან ინფორმაციას იმ მოვლენების შესახებ, “რომლებიც ქართული პოლიტიკის კულისებში ვითარდება”. დეპუტატების ცნობით, მათი მთავარი მიზანი იმ გეგმის აღსრულების პრევენციაა, “რომელმაც საქართველო არეულობამდე, ომამდე და რუსულ სამხედრო ოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს”. თუმცა, მათივე თქმით, “საზოგადოების სიმართლით აღჭურვისთვის” გარკვეულ თემებზე საჯაროდ საუბარი ქართულ ოცნებას უხერხულობას შეუქმნის, ამიტომ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.