მიხეილ ყაველაშვილის, სოზარ სუბარისა, დიმიტრი ხუნდაძის მხარდასაჭერად პარტია და თერჯოლის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დეპუტატმა ომარ ჯიხვაშვილმაც დატოვა. ჭიათურისა და ლაგოდეხის საკრებულოების დეპუტატების მსგავსად, ჯიხვაშვილიც გავრცელებულ განცხადებაში საქართველოში აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს აკრიტიკებს.
“ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების – ყველას გვახსოვს ხომ? ჰოდა, მეც მგონია, რომ ახლა თქმა სჯობს! როდესაც კითხვები არის, ამ კითხვებს პასუხები ჭირდება. ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენს ახლო მეგობრებს და პარტნიორებს ოკეანის იქით მოსწონდეთ მათი წარმომადგენლის მოქმედება საქართველოში, როდესაც ის იმის მაგივრად, რომ კითხვებზე პასუხებს სცემდეს და ემიჯნებოდეს ომის მოწოდებებს, შეურაცხყოფას აყენებს უმრავლესობით არჩეულ პარლამენტის წევრს, რომელმაც გაბედა მისთვის წერილის მიწერა.
თუ რამდენიმე ადამიანმა უნდა იტვირთოს ასეთი სიმართლის თქმა, რაც ხელისუფლების პარტიის წარმომადგენლისგან, მესმის, რომ ძალიან ძნელია, მეც მინდა, მათ რიგში ვიყო. ამიტომ, ვტოვებ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილეობას თერჯოლის საკრებულოში და პარტიას”. – წერს ჯიხვაშვილი.
11 ივლისს ქართული ოცნებისა და დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გაავრცელა ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღამბაშიძემაც. თანამდებობა და პარტია დატოვა ჭიათურის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკოლოზ სამხარაძემაც.
8 ივლისს მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს მიმართა და მოუწოდა, რომ ამერიკის “იმიჯის დასაცავად” ნაციონალური მოძრაობის “პროვოკაციებსა” და “ტექნიკური მთავრობის მოთხოვნებს” საჯაროდ გაემიჯნოს. დეგნანის შეფასებით, ყაველაშვილის განცხადება “სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით”.
9 ივლისს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუსას მიხეილ ყაველაშვილმა კელი დეგნანს დიპლომატია დაუწუნა და თქვა, რომ ამერიკა საქართველოში მათ აფინანსებს, ვისაც მმართველობიდან ქართული ოცნების ხელისუფლების ჩამოშორება სურთ.
ივანიშვილის დეპუტატებმა – სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ქართული ოცნება 28 ივნისს დატოვეს. ისინი ამტკიცებენ, რომ საზოგადოებას თანდათანობით მიაწვდიან ინფორმაციას იმ მოვლენების შესახებ, “რომლებიც ქართული პოლიტიკის კულისებში ვითარდება”. დეპუტატების ცნობით, მათი მთავარი მიზანი იმ გეგმის აღსრულების პრევენციაა, “რომელმაც საქართველო არეულობამდე, ომამდე და რუსულ სამხედრო ოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს”. თუმცა, მათივე თქმით, “საზოგადოების სიმართლით აღჭურვისთვის” გარკვეულ თემებზე საჯაროდ საუბარი ქართულ ოცნებას უხერხულობას შეუქმნის, ამიტომ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.