გორის საკრებულოს დეპუტატმა მიხეილ გოგინაშვილმა პარტია “ქართული ოცნება” დატოვა

544

წინა სტატია

შემდეგი სტატია

გორის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, მიხეილ გოგინაშვილმა, აშშ-ის ელჩი გააკრიტიკა და მმართველი პარტია დატოვა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

გოგინაშვილის რიტორიკა ემთხვევა “ქართული ოცნებიდან” გასული სამი დეპუტატის — სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის — რიტორიკას, რომელთაც პარტიის დატოვების მიზეზად “სიმართლის თქმა” დაასახელეს.

“ჩემთვისაც ძალიან რთულია ნაწილ-ნაწილ ვილაპარაკო ხალხში და ვზომო რამდენის თქმაა საჭირო და რამდენის არა. მე მგონი, ჯობს იმ ხალხს შევუერთდე, ვინც მეტის ლაპარაკს აპირებს…” — წერს გოგინაშვილი ფეისბუქ გვერდზე.

ის აკრიტიკებს მიხეილ ყაველაშვილის წერილზე საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის პასუხს და “შეურაცხყოფაზე” საუბრობს.

“მაშინ როდესაც, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დასმულ კითხვებზე, რომელიც დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის დიდ ნაწილს გააჩნია, უახლოესი პარტნიორი ქვეყნის ელჩის მხრიდან ასეთი მძიმე შეფასებები მოვისმინეთ.

ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ მოგვესმინა კითხვებზე პასუხები, ვნახეთ შეურაცხყოფა და უპატივისმცემლობა. ქართველმა ხალხმა (განსაკუთრებით გორელებმა) კარგად იცის როგორია ომის ფასი, რომლისკენაც სურთ რადიკალურ ძალებს უბიძგონ ჩვენ ქვეყანს.

იმის ნაცვლად, რომ ამერიკის ელჩი ემიჯნებოდეს მათ და ყველა მსგავს ძალას და მცდელობას, სამწუხაროდ ვნახეთ საპირისპირო”, — წერს გოგინაშვილი და იქვე დასძენს:

“სწორედ ამიტომ, ვუერთდები ჩემი კოლეგის მოწოდებას, ვტოვებ პარტია “ქართულ ოცნებას” და ფრაქციის თავმდჯომარის მოადგილის თანამდებობას იმისთვის, რომ უფრო თავისუფლად შევძლო ამ ყველაფერზე საუბარი და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად არავის მივცე საშუალება კიდევ ერთხელ გახვიონ ჩვენი ქვეყანა ომის ქარცეცხლში”.

შეგახსენებთ, რომ 11 ივლისს ქართული ოცნებისა და დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გაავრცელა ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღამბაშიძემაც. თანამდებობა და პარტია დატოვა ჭიათურის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკოლოზ სამხარაძემაც. იმავე შინაარსის განცხადება გაავრცელა თერჯოლის საკრებულოში ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ომარ ჯიხვაშვილმაც. ასევე, პარტია და ახალციხის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დეპუტატმა საბა კბილაშვილმაც დატოვა.

8 ივლისს მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს მიმართა და მოუწოდა, რომ ამერიკის “იმიჯის დასაცავად” ნაციონალური მოძრაობის “პროვოკაციებსა” და “ტექნიკური მთავრობის მოთხოვნებს” საჯაროდ გაემიჯნოს. დეგნანის შეფასებით, ყაველაშვილის განცხადება “სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით”.

9 ივლისს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუსას მიხეილ ყაველაშვილმა კელი დეგნანს დიპლომატია დაუწუნა და თქვა, რომ ამერიკა საქართველოში მათ აფინანსებს, ვისაც მმართველობიდან ქართული ოცნების ხელისუფლების ჩამოშორება სურთ.

სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ქართული ოცნება 28 ივნისს დატოვეს. ისინი ამტკიცებენ, რომ საზოგადოებას თანდათანობით მიაწვდიან ინფორმაციას იმ მოვლენების შესახებ, “რომლებიც ქართული პოლიტიკის კულისებში ვითარდება”. დეპუტატების ცნობით, მათი მთავარი მიზანი იმ გეგმის აღსრულების პრევენციაა, “რომელმაც საქართველო არეულობამდე, ომამდე და რუსულ სამხედრო ოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს”. თუმცა, მათივე თქმით, “საზოგადოების სიმართლით აღჭურვისთვის” გარკვეულ თემებზე საჯაროდ საუბარი ქართულ ოცნებას უხერხულობას შეუქმნის, ამიტომ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.