როგორ ეხმაურებიან საერთაშორისო პარტნიორები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს

394

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს საერთაშორისო პარტნიორები ეხმაურებიან. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარ რინკევიჩი ნაციონალური  მოძრაობის ოფისში პოლიციის სპეცოპერაციასა და ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა და მოუწოდა ორივე მხარეს თავშეკავება გამოიჩინონ.

“ყურადღებით ვადევნებ თვალს თბილსიში მიმდინარე მოვლენებს. მოვუწოდებ როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას გამოიჩინონ თავშეკავება და პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად პოლიტიკური დიალოგი გამოიყენონ”, – განაცხადა რინკევიჩმა.

ასევე, ნიკა მელიას დაკავების გამო შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის საელჩომ.

“ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში. ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე,”- წერია აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რაც შეეხება, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, ის წერს, რომ ყველა მხარემ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა.

“ესკალაციის ლოგიკა უპირატესობას იძენს. პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ყველა მხარემ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და იმოქმედოს ქვეყნისა და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. არ უნდა მივატოვოთ ძალისხმება საერთო ენის გამონახვის შესახებ”, – დაწერა კარლ ჰარცელმა.

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი კი დღეს განვითარებულ მოვლენებს ასე გამოხემაურა:

„ის რაც საქართველოში მოხდა, შემაშფოთებელია. პირველი, ვინც აგებს, ქართველი ხალხია. მოვუწოდებ, გამოიჩინონ თავშეკავებულობა და საქართველო უკუსვლით არ წავიდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ, ვინც საქართველოში კანონის უზენაესობას და დემოკრატიას იცავს“, – დაწერა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის თქმით, ნიკა მელიას დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს. აპატურაის განცხადებით, NATO ელოდება, რომ საქართველომ, როგორც ახლო პარტნიორმა და ასპირანტმა ქვეყანამ შეინარჩუნოს ევროატლანტიკური და დემოკრატიული სტანდარტები.

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს. ნატო ელოდება, რომ საქართველომ, როგორც ახლო პარტნიორმა და ასპირანტმა, შეინარჩუნოს ევროატლანტიკური დემოკრატიული სტანდარტები, რომელთა მიღწევისა და შენარჩუნებისთვის ბევრი იმუშავა. ეს მოიცავს პოლიტიკური უთანხმოებების მოგვარებას დიალოგის გზით და პარალიზების გამომწვევი რიტორიკისა და ქმედებების თავიდან აცილებას”, – წერს ჯეიმს აპატურაი.

ხოლო, გენერალ-ლეიტენანტის, ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელის, ბენ ჰოჯესის შეფასებით, ეს უზარმაზარი უკანგადადგმული ნაბიჯია საქართველოსთვის.

“უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის. ამით მხოლოდ კრემლი, ბატონი ბიძინა და მისი უახლოესი წრე იღებს სარგებელს. ამაში არაფერია კარგი ქართველებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. იმედი მაქვს, პრეზიდენტ ბაიდენის რეაგირება ძლიერი იქნება ამაზე. კრემლი აკვირდება”, — წერს ჰოჯესი.

საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრა კი ქვეყნის საკეთილდღეოდ ხელისუფლებასა და ოპოზიციას თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

“დღის სამწუხარო დასაწყისია თბილისში. ოპოზიციური პარტიის ოფისში განვითარებული მოვლენების ყურების ფონზე, საქართველოს მომავლის გულისთვის, ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოვუწოდებ. ძალადობამ და ესკალაციამ არ შეიძლება გამოიწვიოს დადებითი შედეგები”, — წერს ის ტვიტერზე.

შვედეთის ყოფილი პრემიერის და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის შეფასებით, ევროკავშირში ინტეგრაციის პირობა კანონის უზენაესობისადმი მტკიცე ერთგულება უნდა იყოს.

„უკიდურესად შემაშფოთებელი მოვლენები განვითარდა საქართველოში, პოლიცია ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისში შეიჭრა და მისი ლიდერი დააკავა. კანონის უზენაესობისადმი მტკიცე ერთგულება ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პირობა უნდა იყოს”, – წერს შვედი პოლიტიკოსი.

რესპუბლიკელი კონგრესმენი, სენატში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი კი ნიკა მელიას დაკავებას ასე გამოეხმაურა.

“პირდაპირ ვუყურე ამ დარბევას. მე, როგორც სენატში საქართველოს კომიტეტის თანათავმჯდომარე, ძალიან შეშფოთებული ვარ. ახლახანს შემოვიტანეთ საქართველოს მხარდაჭერის აქტი. ეს არ არის ავტომატური”, – წერს ადამ კინზინგერი. 

როგორც ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა დაწერა, ქვეყანაში შექმნილი დაძაბული ვითარებით “შეშფოთებულია”. ლინკევიჩუსის თქმით, უპასუხისმგებლობა იქნება, რომ ქვეყანამ თავისი მიღწევები წყალში ჩაყაროს.

“შეშფოთებული ვარ საქართველოში დაძაბული ვითარებით. ჩვენმა მეგობრებმა ბევრს მიაღწიეს, საქართველო ნატოს ერთ-ერთი პარტნიორია. უპასუხისმგებლობა იქნება, რომ ეს ყველაფერი რომ წყალში ჩაყარონ. ყველა ლიდერმა უნდა აჩვენოს თავშეკავება და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ”,- წერს ლინკევიჩუსი.

დღეს მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა ესტონეთის საგარეო უწყებაც და ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდა, დაუბრუნდნენ პოლიტიკურ დიალოგს.

„ესტონეთი მკაცრად გმობს ოპოზიციური პარტიის ოფისში ძალადობრივ შეჭრას და საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გამწვავებას. ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოვუწოდებთ, გამოიჩინონ თავშეკავება და დაუბრუნდნენ პოლიტიკურ დიალოგს. მომავლისთვის სწორი გადაწყვეტილებების მიღება მნიშვნელოვანია!“- ნათქვამია ესტონეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ასევე, ესტონელი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტარი ურმას პაეტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

“ღრმად შეშფოთებული ვარ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. უთანხმოების მოსაგვარებლად ძალის გამოყენების ნაცვლად, საჭიროა სათანადო დიალოგი, რათა დასრულდეს პოლიტიკური პოლარიზაცია,“- წერს ევროპარლამენტარი.

ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელიას დაპატიმრება დემოკრატიის უკუსვლის აისბერგის მხოლოდ წვერია. გრეგოროვას თქმით, პოლიტიკური პატიმრების სიის მატება პროგრესული არ არის.

“უკიდურესად გულდასაწყვეტია საქართველოში განვითარებული მოვლენები. ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება დემოკრატიის უკუსვლის აისბერგის მხოლოდ წვერია. პოლიტიკური პატიმრების სიის მატება ევროპისაკენ პროგრესის გზა არაა”, – წერს ევროპარლამენტარი ტვიტერზე.

შვედი დიპლომატი და თანათავმჯდომარე ევროპის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კარლ ბილდტი კი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს უკიდურესად შემაშფოთებელს უწოდებს.

“პოლიციის მიერ ოპოზიციური პარტიის ოფისის შტურმით და პარტიის ლიდერის დაკავებით უკიდურესად შემაშფოთებელი მოვლენები განვითარდა საქართველოში. ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პირობა კანონის უზენაესობისადმი მტკიცე ერთგულება უნდა იყოს”, – წერს ბილდტი ტვიტერზე.

ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. ასევე, გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამაცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას პოლიციამ 21 ადამიანი  დააკავა, ხოლო 17 მოქალაქეს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

ენმ-ის ოფისში განვითარებული მოვლენების გამო დღეს 15:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება.