NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, ნიკა მელიას დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს.
აპატურაის განცხადებით, NATO ელოდება, რომ საქართველომ, როგორც ახლო პარტნიორმა და ასპირანტმა ქვეყანამ შეინარჩუნოს ევროატლანტიკური და დემოკრატიული სტანდარტები.
“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს. ნატო ელოდება, რომ საქართველომ, როგორც ახლო პარტნიორმა და ასპირანტმა, შეინარჩუნოს ევროატლანტიკური დემოკრატიული სტანდარტები, რომელთა მიღწევისა და შენარჩუნებისთვის ბევრი იმუშავა. ეს მოიცავს პოლიტიკური უთანხმოებების მოგვარებას დიალოგის გზით და პარალიზების გამომწვევი რიტორიკისა და ქმედებების თავიდან აცილებას”, – წერს ჯეიმს აპატურაი.
ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. ასევე, გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამაცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას პოლიციამ 21 ადამიანი დააკავა, ხოლო 17 მოქალაქეს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.
ენმ-ის ოფისში განვითარებული მოვლენების გამო დღეს 15:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება.
როგორ ეხმაურებიან საერთაშორისო პარტნიორები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს იხილეთ ბმულზე.