გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები და მოქალაქეთა მონაწილეობა ვაშინგტონის შტატში (აშშ)

972

ნინო სუხიაშვილის ბლოგი

ვაშინგტონის შტატი ამერიკის შეერთებული შტატების უკიდურეს ჩრდილოეთში, კანადის საზღვართან, დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს და შტატების დედაქალაქთან მხოლოდ სახელი აქვს საზიარო. ჰუბერტ ჰამფრის მოკლევადიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად სიეტლის ვაშინგტონის უნივერსიტეტში სწავლისას შტატის დედაქალაქს, ოლიმპიას ვესტუმრეთ, გუბერნატორის ოფისი მოვინახულეთ და გადაწყვეტილების მიღების და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებსაც გავეცანით.

ვაშინგტონის შტატის საკანონმდებლო ორგანო ორპალატიანია და სენატისა და წარმომადგენელთა პალატისგან შედგება. შტატი 49 ერთეულად იყოფა, საიდანაც თითო სენატორი (სულ 49) და ორი წარმომადგენელია (სულ 98) არჩეული. შტატის გუბერნატორი კი არჩეულია საყოველთაო არჩევნების გზით. გუბერნატორი რომელიმე პარტიის წარმომადგენელია, თუმცა, ვინაიდან მისი არჩევა საყოველთაო წესით ხდება, სავსებით შესაძლებელია, მისი პარტია საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობით არ იყოს წარმოდგენილი. გუბერნატორი, ამავდროულად, სენატის პრეზიდენტიც არის, იგი აწერს ხელს სენატის მიერ მიღებულ ყველა საკანონმდებლო აქტს.

შტატის საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ლობისტები. ამასთან, არ არის აუცილებელი, ლობისტი რომელიმე ოფიციალურად რეგისტრირებულ ლობისტურ კომპანიას წარმოადგენდეს. ლობისტად ითვლება ნებისმიერი პირი, ვინც ცდილობს კანონმდებელთა დარწმუნებას, ხმა მისცენ რომელიმე საკითხის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. ლობისტები წარმოადგენენ ბიზნესწრეებს, პროფესიულ ჯგუფებს, რომელიმე მნიშვნელოვანი საკითხის გადასაწყვეტად გაერთიანებულ მოქალაქეებს. ფედერალური და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს კი საკუთარი ინტერესების მხარდასაჭერად ლობისტური კომპანიების დაქირავება უწევთ. აღსანიშნავია, რომ ვერცერთი ლობისტი კანონის წარდგენას თავად ვერ შეძლებს, თუმცა, ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ საკანოონმდებლო ორგანოში მათთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელ პირებთან და კანონის დაწერაში მონაწილეობა ამ გზით შეუძლიათ. ამასთან, მათი ჩართულობით ეწყობა კანონპროექტების საჯარო განხილვები.

მიუხედავად იმისა, რომ შტატის კანონმდებლები მიმდინარე საკითხებს კარგად იცნობენ, ახალი კანონპროექტების იდეები ხშირად სწორედ საზოგადოების წარმომადგენლებისგან მომდინარეობს. იდეების ავტორები არიან როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სახელმწიფო სააგენტოები და გუბერნატორის ოფისი.

შტატის კანონმდებლებისთვის მოქალაქეებთან შეხვედრების ჩატარება საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. გარდა შეხვედრებისა, კანონმდებლები მოქალაქეებთან წერილობით და  ოფიციალური ელექტრონული ფოსტით ურთიერთობენ. პანდემიისას კი მოქალაქეებს კანონპროექტების ვირტუალურ განხილვებში მონაწილეობა წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე შეეძლოთ.

მოქალაქეებს, ვინც განსაკუთრებით ჩართულია გადაწყვეტილების მიღების პროცესში შტატის საკანონმდებლო ორგანო ვირტუალური საკანონმდებლო ანგარიშიც (ე.წ. ეკაუნტის) გახსნის შესაძლებლობას აძლევს. საკუთარი ანგარიშის მქონე მოქალაქეებს საკანონმდებლო პროცესებში ჩართულობა და კანონპროექტებზე მოსაზრებების თუ რეკომენდაციების გამოხატვა მაქსიმალურად გამარტივებული წესით – ელექტრონულად შეუძლიათ.

გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა მოქალაქისგანაც დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. პირი, ვისაც რომელიმე საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს, მზად უნდა იყოს დისკუსიისთვის და პაექრობისთვის, სადაც მოუწევს არგუმენტირებულად დაამტკიცოს საკუთარი შეხედულების უპირატესობა.

დამტკიცებამდე, ნებისმიერი კანონი სამ მოსმენას გაივლის. მოსმენებზე დასწრება მოქალაქეებსაც შეუძლიათ. გარდა იმისა, რომ ისინი უშუალოდ ესწრებიან გადაწყვეტილების მიღების პროცესს, დამსწრეებს უფლება აქვთ, დარბაზშივე გააკეთონ ხელმოწერები განხილული კანონპროექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. საბოლოო გადაწყვეტილება კანონმდებელთა ხმების უმრავლესობით მიიღება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ხმები თანაბრად გაიყო, მოქალაქეთა ხელმოწერები შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. საქმე ისაა, რომ განსხვავებით აშშ კონგრესისგან, ვაშინგტონის შტატის გუბერნატორი საკანონდებლო ორგანოში, ხმათა თანაბრობის შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმით სარგებლობს. მისი გადაწყვეტილება ასეთ შემთხვევებში ხშირად მოქალაქეთა ხელმოწერებს ეყრდნობა. თუმცა, კანონპროექტის მიღების საბოლოო, მესამე მოსმენაზე, ეს წესი არ ვრცელდება და გადაწყვეტილება მხოლოდ კანონმდებელთა ხმების უმრავლესობით მიიღება.