„ნაცმოძრაობის“ ოფისთან მიმდინარე მოვლენებისას პირველადი სამედიცინო დახმარება 17 მოქალაქეს გაუწიეს

440

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მიმდინარე მოვლენებისას პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარება 17 მოქალაქეს გაუწიეს, მათგან ორი კი კლინიკაში გადაიყვანეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, მიმდინარე მოვლენების განმავლობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი იმყოფებოდა.

“ექიმებმა პირველადი სამედიცინო დახმარება 17 მოქალაქეს გაუწიეს. მათგან 15-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადგილზევე მსუბუქად შეფასდა. 2 მოქალაქე კი თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. კლინიკა უკვე დატოვა ერთმა პაციენტმა, მეორე კი სამედიცინო დაწესებულებას დღის განმავლობაში დატოვებს“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. ასევე, გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამაცველებს შორის დაპირისპირებაც მოხდა, რის შემდეგაც პოლიციამ 21 ადამიანი  დააკავა.

ენმ-ის ოფისში განვითარებული მოვლენების გამო დღეს, 15:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება.