დეგნანი: ომში ჩათრევაზე საუბარი მზაკვრული ნარატივია FSB-ს სახელმძღვანელოდან… რუსეთია ის, ვინც ცდილობდა თქვენი ენის მოკვლას, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

418

აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, რუსეთის FSB-ს დეზინფორმაციაა, თითქოს ვინმეს საქართველოს ომში ჩართვა სურს. ამის შესახებ მან დღეს, 30 ივნისს ჟურნალისტებს განუცხადა. FSB არის რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური, რომელიც საბჭოთა KGB-ს ანალოგიური უწყებაა.

დეგნანის თქმით, აშშ-სა და ევროკავშირს სურთ, რომ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს.

დეგნანმა აღნიშნულ დეზინფორმაციაზე ნატოს მადრიდის სამიტის შეფასებისას ისაუბრა.

აშშ-ს ელჩის თქმით, მაშინ, როცა ბოლო 30 წელია აშშ და ევროკავშირი საქართველოს მხარს უჭერს, სწორედ რუსეთია ის, ვისაც საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს.

„რადგან საუბარია თავდაცვის საკითხზე, კიდევ ერთხელ მინდა შევეხო მზაკვრულ ნარატივს, რომელიც ისევ გრძელდება, რომ  თითქოს ვინმეს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა სურს. ეს არის FSB-ს სახელმძღვანელოდან ამოღებული დეზინფორმაცია. მინდა გარკვევით ვთქვა, აშშ-ს არ სურს საქართველოს ჩართვა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომში.  აშშ-ს არ სურს ამ ომის არცერთი მიმართულებით გაფართოება. აშშ-ს რა შეუძლია ყველაფერს აკეთებს, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ეს ომი პუტინმა დაიწყო და მასვე შეუძლია, რომ ის დაასრულოს.

შეერთებული შტატები და ევროპა ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და გავაგრძელებთ ამის გაკეთებას. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველებს ახსოვდეთ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობდა თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია, რომელმაც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები ცხოველების სადგომად მათი გამოყენებით.

თუ რაიმე კითხვა არსებობს, რას ნიშნავს რუსეთის მეგობრობა საქართველოსთან, საკმარისია მივიდეთ ადმინისტრაციულ საზღვართან და გადავხედოთ იქ რა ხდება. საქართველოს მეგობრები არიან ევროპაში და ამერიკაში და ამ გზას მოაქვს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ბოლო პერიოდია, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საუბრობენ, რომ დასავლეთის ქვეყნებს საქართველოს ომში ჩაბმა სურთ. მათ შორის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს სწორედ ამ შეთქმულების თეორიის ნაწილად განიხილავენ.